საფრანგეთმა უკრაინას ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ბომბებისა და საზენიტო გადამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცა
საფრანგეთმა უკრაინას ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ბომბებისა და საზენიტო გადამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცა. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
„დავასრულეთ ახალი შეთანხმებები A2SM-ის, Aster 30-ისა და SCALP-ის ლიცენზირების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს შესაძლებლობები ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად და უკრაინის ტერიტორიაზე გაცილებით სწრაფად ვაწარმოოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში უკრაინის მეზობელ ქვეყნებში სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მაკრონის თქმით, ეს პროცესი წყალში, ხმელეთზე და ჰაერში წარიმართება.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მომდევნო თვეებში ჩასატარებელი წვრთნების შესახებ. ისინი უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ჩატარდება, რათა ჩვენი გეგმები დავადასტუროთ და ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ – მტკიცე და სანდო ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც. მან დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90-მილიარდიანი დახმარების სესხს შეუერთდება.
„ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ განაგრძოს იმ სამხედრო შესაძლებლობების მიღება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კირ სტარმერმა.