საფრანგეთის შსს-ს ცნობით, ყვითელჟილეტიანების აქციების დაწყებიდან, დღეს ყველაზე მცირერიცხოვანი დემონსტრაცია ჩატარდა
საფრანგეთის შსს-ს ცნობით, ყვითელჟილეტიანების აქციების დაწყებიდან, დღეს ყველაზე მცირერიცხოვანი დემონსტრაცია ჩატარდა

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების რიგით 21-ე აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარიზში პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა.

საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საპროტესტო გამოსვლებში 22 300 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს ყვითელჟილეტიანთა დემონსტრაციების დაწყებიდან ყველაზე მცირერიცხოვანი აქცია იყო. პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციაში 3 500-მდე მანიფესტანტი მონაწილეობდა.

გასულ კვირას საფრანგეთში აქციაზე 33 700 ადამიანი გავიდა. ყვითელჟილეტიანთა მოძრაობა საფრანგეთში ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს 2018 წლის ნოემბრიდან მართავს. დემონსტრანტები თავდაპირველად საწვავის მაღალ ფასს აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით აქციები პოლიტიკური ელიტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მოძრაობაში გადაიზარდა.