საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი ქართული ლელო გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მორიგი ტურის მატჩები, რომელშიც საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ლელოებით გამოიჩინეს თავი.

„ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „რასინგი“ მიიღო. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა დავით ნინიაშვილმა. „რასინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი – ქართველები 63-ე წუთზე შეცვალეს.

ამ თამაშში სამი ქართული ლელო გავიდა – ლიონელთაგან დუბლი დავით ნინიაშვილმა შეასრულა, „რასინგის“ მხრიდან კი ერთი ლელო გია ხარაიშვილის ანგარიშზეა. შეხვედრა „ლიონმა“ 45:11 მოიგო.

„ლა როშელმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 32:16 დაამარცხა – სტუმართა რიგებში ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 50-ე წუთზე შეცვალეს.

„ბაიონისა“ და „კასტრის“ შეხვედრაში (41:10) მასპინძელთა რიგებში 58-ე წუთიდან ითამაშა კონსტანტინე მიქაუტაძემ.

„ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „პერპინიანი“დაამარცხა (43:7). სტუმართა რიგებში 58-ე წუთზე მარქაფიდან ჩერთო თამაშში ლექსო ყაულაშვილი.