საფრანგეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის ელჩს, ჩარლზ კუშნერს, რომელიც სამინისტროში არ გამოცხადდა, საფრანგეთის მთავრობის წევრებთან წვდომა შეუზღუდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი უწყებაში არ გამოცხადდა, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დიპლომატის წინააღმდეგ ზომების მიღების ბრძანება გასცა.
ჟან-ნოელ ბარომ კუშნერი ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის მკვლელობასთან დაკავშირებული განცხადების გამო დაიბარა. კერძოდ, საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ კვენტინ დერანკი ულტრამემარცხენეებმა მოკლეს, ყველას უნდა გვაღელვებდეს. ულტრამემარცხენეთა რიცხვი იზრდება და კვენტინ დერანკის სიკვდილში მათი როლი აჩვენებს, რა საფრთხეს უქმნის ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და ველოდებით, რომ ძალადობის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“. დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთი მიიჩნევს, რომ ეს შიდა საქმეებში ჩარევაა.
„ელჩი ჩარლზ კუშნერი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ის არ გამოცხადდა“, – განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ.
დიპლომატიური წყაროს ცნობით, გამოუცხადებლობის გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ „სანქციების“ დაწესება. მან შეზღუდა კუშნერის პირდაპირი წვდომა საფრანგეთის მთავრობის წევრებთან, თუმცა კუშნერს კვლავ შეეძლება საელჩოში საქმიანობის გაგრძელება და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადება დიპლომატიური შეხვედრებისთვის, რომლებიც უთანხმოებების მოგვარებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ჩარლზ კუშნერის ვაჟი, ჯარედ კუშნერი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზეა დაქორწინებული.