საფრანგეთის ქალაქებში პირველ მაისთან დაკავშირებული აქციები არეულობაში გადაიზარდა
საფრანგეთის ქალაქებში პირველ მაისთან დაკავშირებული აქციები არეულობაში გადაიზარდა

საფრანგეთის ქალაქებში პირველ მაისთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა.

ფრანგული მედიის ცნობით, პოლიციამ პარიზსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის ლიონსა და ნანტში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია, სულ მცირე, 60 მომიტინგე. სერიოზულად დაშავებულია ერთი პოლიციელი, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს.

საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსის გაჩერებას. ლიონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანები და ველოსიპედები დაწვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 782 000 ადამიანი გამოვიდა. პროფკავშირების განცხადებით კი, დემონსტრაციებში 2,3 მილიონამდე მოქალაქე მონაწილეობდა. შრომის დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სადავო საპენსიო რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.