საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 290-ზე მეტი დემონსტრანტი
საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 290-ზე მეტი დემონსტრანტი

საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა. არეულობის დროს დაკავებულია 290-ზე მეტი ადამიანი, –  შესაბამის მონაცემებს საერთაშორისო მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, პარიზში სერიოზული დაზიანებები ერთმა პოლიციელმა მიიღო, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. მას ხელებისა და სახის არეში დამწვრობები აქვს მიღებული.

პირველ მაისთან დაკავშირებით ასობით ათასი ადამიანი გავიდა საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. რადიკალურმა ჯგუფებმა პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, უცნობია, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა არეულობის დროს.

პარიზის გარდა, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ლიონში, ტულუზასა და ნანტში. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, დაარბიეს მაღაზიები და ოფისები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა გარკვეული დროით დაიკავეს სასტუმრო ქალაქ მარსელში.