საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციები ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციები ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციები, ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი 80 წუთს გაგრძელდა, რომელზეც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს. ამასთან, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისთვის, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს უკრაინის პრეზიდენტთან.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ვლადიმერ პუტინს, რომ ომის ნებისმიერი გადაწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მოსკოვსა და კიევს შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინისგან დაჟინებით მოითხოვეს ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტისთვის, რათა თავიდან იყოს არიდებული მსოფლიო სასურსათო კრიზისი. ამასთან, მათ მხედველობაში მიიღეს რუსეთის პრეზიდენტის დაპირება, რომ მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, პორტებამდე მისასვლელი გზების განაღმვას რუსეთი არ გამოიყენებს სამხედრო მიზნებისთვის.

გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათ რუსეთის პრეზიდენტისგან ტყვედ აყვანილი ქარხანა „აზოვსტალის“ დაახლოებით 2 500-მდე დამცველის გათავისუფლება მოითხოვეს.