საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა

02:25, 18.10.2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა.

ლეკორნუმ საპროტესტო აქციებზე ძალადობის მასშტაბებს „მიუღებელი“ უწოდა.

„სამართლიანობა აღსრულდება. სასწაულია, რომ დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი უფრო დიდი არ არის“, – განაცხადა ლეკორნუმ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ამჟამად პარიზში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს ხვდება.

ამასთან, პარიზის მერი ემანუელ გრეგუარი, მარსელის მერი ბენუა პაიანი და ლიონის მერი გრეგორი დუსე პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში მერები აღნიშნავენ, რომ შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისშივე უნდა გაიმართოს.

„ზარალის მასშტაბისა და შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ვითხოვთ, მომავალი კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით. ასევე მოვითხოვთ, ჩატარდეს ვითარების ზუსტი და გამჭვირვალე შეფასება, რათა დადგინდეს მოვლენების თანმიმდევრობა და გაირკვეს, რამ გამოიწვია არსებული ვითარება. მსგავსი რამ არც ახლა უნდა მომხდარიყო და არც მომავალში უნდა განმეორდეს“, – აცხადებენ მერები.

მსგავსი