საფრანგეთის​ პა-დე-კალეს დეპარტამენტის პრეფექტის ცნობით, ქალაქ ლანსში, სკოლის მოსწავლეების აქციაზე 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა

22:36, 05.10.2026

საფრანგეთის ქალაქ ლანსში, სკოლის მოსწავლეების აქციაზე 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა, – ამის შესახებ პა-დე-კალეს დეპარტამენტის პრეფექტმა, ფრანსუა ლაუხმა განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ლილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გვყავს სკოლის მოსწავლე, რომელიც დემონსტრაციის დროს მძიმედ დაშავდა. 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ის ძალიან სწრაფად გადავიყვანეთ ლილის საავადმყოფოში. საშუალო სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ, რომლებმაც სხვადასხვა საგანი ესროლეს ადგილობრივ პოლიციელებს. როდესაც საგნებს ვახსენებ, ვგულისხმობ ქვებსა და პიროტექნიკას. ეროვნული პოლიციის დეპარტამენტების დირექტორმა, ცხადია, ჩემი თანხმობით,  გასცა განკარგულება წესრიგის დასაცავად პოლიციის დანაყოფების მობილიზების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული ინციდენტი“, – აღნიშნა ფრანსუა ლაუხმა.

მოზარდთან დაკავშირებული შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. ფრანგულ მედიაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. „ფრანს პრესი“ პოლიციის პროფკავშირის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 15 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარა აიღო და ხელში აუფეთქდა. გაზეთი La Voix du Nord-ი კი ერთ-ერთ მოსწავლეს ციტირებს, რომლის თქმითაც, მოზარდს ყუმბარა არ აუღია. თავად პა-დე-კალეს პრეფექტმა გარემოებებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიციას არასრულწლოვნების მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიცია მოსწავლეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

ცნობისთვის, საფრანგეთში სკოლების მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

მსგავსი