საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

02:02, 10.07.2026

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკო 2:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

მაროკოსთან შეხვედრაში საფრანგეთს დაწინაურება პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე შეეძლო, თუმცა კილიან მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა.

მბაპემ ანგარიში მეორე ტაიმში მაინც გახსნა, მან მე-60 წუთზე შორეული დარტყმით მაროკოელთა კარი აიღო, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე დემბელემ დააფიქსირა.

კილიან მბაპესთვის ეს გოლი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე იყო, ხოლო მუნდიალებზე – მე-20. ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც 21 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება უსმან დემბელეს, მის ანგარიშზე 2026 წლის ტურნირზე უკვე 5 გოლია.

დიდიე დეშამის გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. წინა ორ შემთხვევაში ფრანგებმა ფინალში თამაშიც მოახერხეს.

საფრანგეთის მეტოქე ნახევარფინალში ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება – ეს გუნდები 11 ივლისს ითამაშებენ.

მსგავსი