საფრანგეთის ხელისუფლებამ პსჟ-ისა და „ბარსელონას“ მატჩის გადადება გამორიცხა #1TVSPORT

17:57, 19.10.2026

ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ მატჩის ჩატარებას საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის გამო საფრთხე შეექმნა. თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ შეხვედრის გადადების შესაძლებლობა გამორიცხა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პოლიციის პროფკავშირის, CFTC-ს წარმომადგენელმა უსაფრთხოების მიზეზებით მატჩის გადადება მოითხოვა. მისი შეშფოთება პარიზში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და ახალი ძალადობრივი დაპირისპირებების საფრთხეს უკავშირდება.

17-18 ოქტომბერს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გამართული საპროტესტო აქციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა პარიზში, სადაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პსჟ-ისა და „ბარსელონას“ შეხვედრის გადადება არ განიხილება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მატჩი თავდაპირველად დაგეგმილ დროს გაიმართება.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის ნაწილობრივი დაწესების ინიციატივა გამოაცხადა. მისი განმარტებით, შეზღუდვები ლოკალური იქნება და მთელი პარიზის მასშტაბით კომენდანტის საათის შემოღება არ იგეგმება.

„პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი