საფრანგეთი-პერუ: მატჩის ანონსი
საფრანგეთი-პერუ: მატჩის ანონსი

21 ივნისი, ეკატერინბურგი, სტადიონი „ცენტრალური“, დასაწყისი – 19:00
მსაჯი: მოჰამედ აბდულა (საამიროები)

საფრანგეთმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ. დიდიე დეშამის გუნდს არ უჩვენებია შემტევი ფეხბურთი და ორივე გოლი თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით გაიტანა.
პერუმ კი პირიქით, წააგო, მაგრამ ბევრს მოაწონა თავისი თამაშით თავი – უამრავი გამოუყენებელი მომენტიდან ერთ-ერთი გაფუჭებული პენალტიც იყო. დანიელებმაც კი განაცხადეს, რომ არ იმსახურებდნენ გამარჯვებას.
საფრანგეთს ბევრი კრიტიკა შეხვდა და მეორე ტურს ფავორიტი დიდი ზეწოლის ქვეშ ხვდება. პერუს ნაკრებში კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა – რიკარდო გარეკას გუნდზე არანაირი ზეწოლა არ არსებობს.

პირველი ტურის მატჩები
დანია-პერუ 1:0
გოლი: 1:0 პოულსენი (59)

საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)

ახალი ამბები
საფრანგეთმა და პერუმ, შესაძლოა, შეცვალონ სასტარტო შემადგენლობები. ფრანგების რიგებში ელოდებიან ოლივიე ჟირუს გამოჩენას, რომელმაც შექმნა გამარჯვების გოლი ავსტრალიასთან მატჩში. ასევე შეიძლება გამოჩნდეს პერუს სასტარტოში ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პაოლო გერერო.

ურთიერთშეხვედრები
საფრანგეთი და პერუ ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 1982 წლის აპრილში. პერუმ „პარკ დე პრენსზე“ 1:0 მოიგო.

საინტერესო ფაქტები
– საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სამხრეთამერიკულ გუნდთან ბოლოს 1978 წელს წააგო (არგენტინასთან). მას შემდეგ ფრანგებს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ ლათინური ამერიკის ნაკრებებთან (+3=4). ამ სერიაში ბოლო ოთხი მატჩიდან სამი 0:0 დასრულდა;
– საფრანგეთმა სამხრეთ ამერიკის გუნდებთან ბოლო ექვს მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.
– საფრანგეთი ჯგუფურ ეტაპებზე ოთხი მატჩია არ აგებს (+3=1-0);
– დიდ ტურნირებზე ფრანგების ბოლო 13 გოლიდან გრიზმანმა ცხრაში მიიღო მონაწილეობა – შვიდი გოლი და ორი პასი;
– უგო ლორისი მე-100 შეხვედრას ჩაატარებ ნაკრებში. ის პირველი ფრანგი მეკარეა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია;
– პერუ შვიდი მატჩია ვერ იგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (+0=2-5);
– პერუს მსოფლიო ჩემპიონატებზე ევროპულ გუნდებთან ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (+0=2-3);
– დანიასთან მატჩამდე პერუს 15-თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

რა თქვეს მწვრთნელებმა
დიდიე დეშამი (საფრანგეთი):
„გონებით უნდა ვითამაშოთ. გავდივართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს – ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, პირველი მატჩის შემდეგ, კანტემ მითხრა, რომ ძალიან უჭირდა სუნთქვა. თუ კანტემ დაიჩივლა ამის გამო, მაშინ სხვებმა რა უნდა თქვან?! ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე არაეფექტურად ვმუშაობდით“.

რიკარდო გარეკა (პერუ):
„ჩვენ გვაქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და სწორედ მას მოვიშველიებთ მომავალ მატჩში. ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში, ყოველთვის უნიკალურ გადაწყვეტილებებს ვირჩევდით, რომლებიც მაშინვე მიანიშნებდა ყველას, რომ მინდორზე პერუელები იყვნენ.

მივეჩვიეთ სიტუაციას, როცა ნახევრად სერიოზულად აღგვიქვამენ. ბოლოს და ბოლოს, ყველა საფეხბურთო მატჩი – აზარტული თამაშებივითაა. ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ექსტრემალურ სიტუაციებში“.

სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი – ერნანდესი, უმტიტი, ვარანი, პავარი – პოგბა, კანტე, ტოლისო – დემბელე, გრიზმანი, მბაპე.
პერუ (4-2-3-1): გალიესე – ტრაუკო, როდრიგესი, რამოსი, ადვინკულა – ტაპია, იოტუნი – ფლორესი, კუევა, კარილიო – ფარფანი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!