საფრანგეთი მეოთხედფინალშია (ვიდეო)

ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა პირველი მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველ წუთებში თავი 19 წლის კილიან მბაპემ გამოიჩინა, რომლის ელვისებური გარღვევის შეჩერაბა მე-12 წუთზე არგენტინელმა მცველებმა მხოლოდ წესების დარღვევით შეძლეს. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ანტუან გრიზმანმა უშეცდომოდ შეასრულა – 1-0.

ამის შემდეგ საფრანგეთმა კიდევ რამდენიმე სწრაფი შეტევა განახორციელა და შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არგენტინა განწირული იყო, თუმცა ასე არ ფიქრობდა ანხელ დი მარია, რომელმაც 41-ე წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა და შესვენებაზე გუნდები თითო გოლით გავიდნენ.

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც არგენტინელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი  ფრანგმა მცველებმა მესისკენ მოიგერიეს, ამ უკანასკნელმა შემოტრიალებით დაარტყა, მერკადომ ბურთს მიმართულება შეუცვალა და 1-2.

მიუხედავად მეორე ტაიმის ასეთი იღბლიანი დასაწყისისა, მაინც იჩინა თავი არგენტინელთა დაცვაში არსებულმა პრობლემებმა და ჯერ პავარმა, შემდეგ კი ორჯერ მბაპემ ანგარიში საფრანგეთის სასარგებლოდ შემოატრიალეს – 4-2.

ამის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების კართან რეალური მომენტი არ შექმნილა და თითქოს მატჩი მშვიდად მიდიოდა დასასრულისკენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კუნ აგუერომ ანგარიშის შემცირება მოახერხა და ბოლო ორმა წუთმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა.

მიუხედავად ამისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრანგები მეოთხედფინალში ურუგვაისა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!