საფრანგეთი ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებზე ჯანი ინფანტინოს კონკურენტს ეძებს #1TVSPORT
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფილიპ დიალომ გამოაცხადა, რომ იწყებენ ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატის ძებნას. ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა უარი მომავალ არჩევნებში ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერაზე.
„აღმასკომის წევრებთან ერთად მიგვაჩნია, რომ ჯანი ინფანტინოსადმი ნდობა დაკარგულია. ფეხბურთის მართვის ამჟამინდელი ფორმა ჩვენს ხედვას არ შეესაბამება.
ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ კონსულტაციები უეფასთან, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ლეგიტიმური, სანდო და გამაერთიანებელი პროექტის შექმნაში. როდესაც საჭირო დრო მოვა, შეირჩევა კანდიდატი, რომელიც მომდევნო არჩევნებში ჩვენს ინტერესებს დაიცავს“, – მოჰყავს დიალოს სიტყვები გამოცემა Footmercato-ს.
ფედერაცია გეგმავს სპორტული მენეჯმენტის სფეროში მოღვაწე ფრანგ და უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციების გზით ალტერნატიული სამოქმედო პროგრამის შემუშავებას. ორგანიზაციის მიზანია თანამოაზრეების გაერთიანება იმ კანდიდატის გარშემო, რომელიც ინფანტინოს 2027 წლის არჩევნებში დაუპირისპირდება.