საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | „იბერიის“ პრეზიდენტი - პირველი გუნდი ვიქნებით, რომელიც საკუთარი ფინანსებით ააშენებს სტადიონს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | „იბერიის“ პრეზიდენტი - პირველი გუნდი ვიქნებით, რომელიც საკუთარი ფინანსებით ააშენებს სტადიონს #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტში თბილისის „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა – საქართველოს ჩემპიონს უახლოეს მომავალში საკუთარი ბაზა და სტადიონი ექნება.

„სტადიონის აშენება დაახლოებით შვიდი წლის წინ გვინდოდა. ლისის ტბის მიმდებარედ ტერიტორიაც მოვიძიეთ და ინვესტორიც გვყავდა, თუმცა მიწის გადაცემასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები ვერ მოგვარდა. მოგვიანებით რუსთავში ვფიქრობდით – შეთანხმებაც იყო და დაპირებაც. რუსთავში ფეხბურთი უყვართ და შეგვეძლო, ამ ქალაქში ბინა დაგვედო, მაგრამ ლიცენზირების პრობლემა გაჩნდა, რის გამოც ევროტურნირებზე გამოსვლა სამი წლით გადაიდებოდა. ეს კი ჩვენს პერსპექტივას არ წაადგებოდა.

მადლობა ღმერთს, დღეს უკვე კარგი შესაძლებლობა გაჩნდა. მთავრობისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ინვესტორს ტერიტორია გადაეცემა – მთავარი პირობა ინფრასტრუქტურის განვითარებაა. თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტიციაზე ავიღეთ ვალდებულება. დიღომში, ოლიმპიურ ქალაქში, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე, მინიმუმ, ხუთმოედნიანი საფეხბურთო ბაზა მოეწყობა, საიდანაც ერთს სათამაშო დანიშნულება ექნება.

გვსურს, ასევე ავაშენოთ 4-5 ათას მაყურებელზე გათვლილი, წმინდა საფეხბურთო სტადიონი. ბევრ საკითხში პიონერები ვართ – პირველი გუნდი ვიყავით, რომელმაც საკუთარი აღსაზრდელებით ეროვნულ ლიგაში გადაინაცვლა. ახლა კი პირველი გუნდი ვიქნებით, რომელიც საკუთარი ფინანსებით ააშენებს როგორც სტადიონს, ისე – ბაზას.

ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ბევრ კლუბს ინფრასტრუქტურა მემკვიდრეობით დარჩა. ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ინვესტირებას, რასაც ჩემს პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ „იბერიის“ განვითარების მიზნით უცხოელ პარტნიორებთან ერთად დამატებითი ინვესტიციებიც მოვიზიდოთ.

იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მოედნებითა და „ბენდელას“ სტადიონით უკვე კარგი შედეგები გვაქვს – ჩვენი რვა აღზრდილი დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ხოლო ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთ მთავარ მომმარაგებლად ვრჩებით. თუ 4-5 სტანდარტული მოედანი, აღდგენითი და ფიტნესცენტრები, კვების ბლოკი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა გვექნება, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტს მივაღწევთ“, – განაცხადა „იბერიის“ პრეზიდენტმა.