საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | იაპ სტამი - ქინქლაძის თავმდაბლობა მომწონს, არველაძეები ძალიან ტექნიკურები იყვნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების, „მანჩესტერისა“ და „მილანის“ ვეტერანმა მცველმა, იაპ სტამმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოტლანდიაში გამართული ლეგენდების შეხვედრის ქართველი მონაწილეების, შოთა არველაძის („რეინჯერსის“ ლეგენდები) და გიორგი ქინქლაძის (მსოფლიო ლეგენდები) შესახებ ისაუბრა.
„ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასიამოვნოა, ისევე როგორც ყოფილი თანაგუნდელების თუ მეტოქეების კიდევ ერთხელ ნახვა და მათთან ერთად თამაში. განსაკუთრებით სასიამოვნოა „გლაზგო რეინჯერსის“ ვეტერანების წინააღმდეგ გამოსვლა, რადგან ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მატჩები კარგი მიზნებით იმართება.
ქინქლაძე? რა თქმა უნდა, ვიცი და მახსოვს. ძალიან ნიჭიერი და ინტელექტუალი ფეხბურთელი იყო, საკუთარი კლუბისთვის კი – ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ლეგენდების მატჩში მისი თანაგუნდელი ვიყავი და მისნაირ მოთამაშესთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო გახლდათ. რაც ყველაზე მეტად მომწონს, მშვიდი, მხიარული ადამიანია და არაა ჩაკეტილი. თანაც თავმდაბალია – ვინც ასეთ დონეზე ითამაშა, მათგან ამ თვისებას განსაკუთრებით ვაფასებ.
არველაძების წინააღმდეგ სხვადასხვა გუნდში მითამაშია. ორივე მათგანი ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და ინტელიგენტი ფეხბურთელი იყო და თავიანთ გუნდებში მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენდნენ. შოთა ტექნიკური და ძლიერი თავდამსხმელი გახლდათ და მცველებისთვის მისი აყვანა რთული იყო, ცხადია, ჩემთვისაც ასე იყო. ჩემთვის შოთას და აჩის წინააღმდეგ თამაშს ეს უფრო საინტერესოს ხდიდა და ყოველთვის გამოცდა იყო“, – განაცხადა იაპ სტამმა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.