საფეხბურთო ტაიმაუტი | ყოველთვის ცდილობს, უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს - ინალიშვილს „ნაპოლიში“ კვარაცხელიას მომავლის სჯერა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ყოველთვის ცდილობს, უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს - ინალიშვილს „ნაპოლიში“ კვარაცხელიას მომავლის სჯერა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, გელა ინალიშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებზე, ერთა ლიგაში მის პერსპექტივასა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.

„ვილი სანიოლი ერთ-ერთი კარგი მწვრთნელია მათ შორის, ვინც ჩვენ გვინახავს. ქართველებსაც მოერგო, რადგან ჩვენ ცოტა განსხვავებული მენტალიტეტი გაგვაჩნია. მე ვფიქრობ, მისი ჩამოყვანა კარგი არჩევანი იყო და შედეგსაც დადებს. ჩემი გადმოსახედიდან ჯგუფში პირველზე უნდა გავიდეთ. თუმცა დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს. ბულგარეთი და მაკედონია კარგი გუნდებია, მაგრამ ჩვენთან კარგი ბიჭები წამოვიდნენ და სანიოლის დროს ყველა თამაშში გუნდი უკეთესობისკენ მიდის და დასტაბილურდა. გულწრფელად მჯერა ამ გუნდის და ვფიქრობ, რომ ბიჭები გაგვახარებენ.

– პირველ ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ციკლი თუ გახსოვთ, მოლდოვამ ერთხელ დაგვირტყა და გაგვიტანა, ამ წაგებამ კი ჩვენ დიდი დაღი დაგვასვა, თორემ მერე იმ ციკლში უელსთან და შემდეგი თამაშები კარგად ჩავატარეთ. ალბათ, ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ გამოვიდოდით და მოლდოვას მოვუგებდით. ამიტომ თავიდან კონცენტრაცია გვჭირდება. რასაც ვუყურებ, სანიოლმა გუნდი შეკრა, სადაც ერთსულოვნებაა – ბიჭებთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი, რომ იქ არაა განსხვავება, ვინ გამოცდილია და ვინ ახალგაზრდა. მთავარია, დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ.

– შემდეგი მატჩები ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველის. იმედია, პირველ მატჩს მოვიგებთ და მერე უფრო თავდაჯერებულობა შეემატებათ. ჩვენს ნაკრებში ბევრი ლეგიონერია და არ მგონია, ამ ნაკრებების სახელებმა იმოქმედოს. უნდა ჩავიდნენ და თავისუფლად ითამაშონ. მთავარია, რაიმეს მოგონება არ დავიწყოთ. წინ კი ისეთი ფეხბურთელები გვყავს, შეტევაში რაღაცას გავაკეთებთ.

ხვიჩასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მამამისთან ვმეგობრობ და დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ხვიჩაში დარწმუნებული ვარ, რომ ითამაშებს, რადგან ფეხბურთით ცხოვრობს. ხომ იცით, ბევრზე პატარა წარმატება მოქმედებს, საფეხბურთო თუ ფინანსური და ცოტა ზემოთ აფრინდება.ხვიჩა არაა ის ბიჭი, დღევანდელი რომ აკმაყოფილებს. ყოველთვის ცდილობს, წინ წავიდეს და უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს. ძნელია საქართველოდან უცებ იტალიაში გადახვიდე და ითამაშო, მაგრამ მამარდაშვილი წავიდა და დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს“.

დატოვე კომენტარი