საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ქართულ კლუბებს ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ აქვთ, ასე ფეხბურთელები ვერაფერს მიაღწევენ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ქართულ კლუბებს ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ აქვთ, ასე ფეხბურთელები ვერაფერს მიაღწევენ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, „დინამო თბილისის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს თასის ფინალში („საბურთალო“-ბათუმის „დინამო“ 1:0) მომხდარ კონფლიქტზე და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„თასის ფინალის დროს ინციდენტები ემოციების შედეგი იყო და ეს ბუნებრივიციაა – გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი ამბები მოხდა, „საბურთალომ“ გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა. მთავარია, რომ კონფლიქტს გაგრძელება არ მოჰყვა და ვითარება დაწყნარდა.

დაიწყება ახალი სეზონი და გასაგებია, რომ „საბურთალო“ ეროვნულ ლიგისთვის მოემზადება. მაგრამ მთავარია, ევროთასებზე რამდენიმე ეტაპი მაინც გაიაროს. კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძლიერი მეტოქეები არ იქნებიან და, ჩემი აზრით, ამ ამოცანის შესრულება რეალურია.

პრობლემურია ის, რაზეც ყველა საუბრობს – ფაქტობრივად, საქართველოში კლუბებს საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. ფეხბურთელმა კი თუ საკუთარ თავზე არ იმუშავა, ვარჯიშს და აღდგენით პროცესებს დიდი დრო არ დაუთმო, ვერაფერს მიაღწევს.

რატომ მივიდა საქართველოს თასის ფინალზე ცოტა მაყურებელი, მარტო წვიმის გამო? „ლივერპულთან“ „დინამომაც“ წვიმაში ითამაშა, მაგრამ 100 ათასი კაცი იყო სტადიონზე. ჩემი აზრით, თამაშამდე ტელევიზიებში მეტი რეკლამა იყო საჭირო“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.