საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „დინამოს“ მწვრთნელებში საუკეთესო ახალკაცი იყო, მაგრამ ებრძოდნენ, მისი ფიტულიც კი დაწვეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „დინამოს“ მწვრთნელებში საუკეთესო ახალკაცი იყო, მაგრამ ებრძოდნენ, მისი ფიტულიც კი დაწვეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოს“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის საწინააღმდეგოდ აგორებული კამპანია გახისენა. მანამდე კი  გუნდის ყოფილი დამრიგებლის, გერმან ზონინის მოსვლა გაიხსენა – რუსი სპეციალისტის,  რომელიც შემდეგ გუნდიდან უსიამოვნო ინციდენტის გამო წავიდა. ის „დინამოს“ 1987/88 წლებში ავარჯშებდა. 1972 წელს მწვრთნელის რანგში ლუგანსკის „ზორიასთან“ ერთად სსრკ-ის ჩემპიონი გახადა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კი სამი მატჩი ჩაატარა.

გერმან ზონინის გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ წარმატებით იასპარეზა უეფა-ს თასზე, მაგრამ ორმატჩიან დაპირისპირებაში ბუნდესლიგის 1987 წლის ჩემპიონთან, ოტო რეჰაგელის გაწვრთნილ ბრემენის „ვერდერთან“ დამარცხდა (1:2, 1:1). ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ასაკოვან მწვრთნელს „დინამოს“ მცველმა, მალხაზ არზიანმა ბურთი ყურში მოარტყა, რაც ზონინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამის შემდეგ მას მწვრთნელად აღარ უმუშავია.

„სხვათა შორის, ზონინი ცუდად არ მახსენდება.  გუნდში რომ მოვიდა, ბიჭები თავისუფლად გრძნობდნენ თავს, კომბინაციურ ფეხბურთი მოსწონდა. სხვათა შორის, უყვარდა ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურება. მის დროს ავიყვანეთ „დინამოში“ კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, ახრიკ ცვეიბა, მიშა ყაველაშვილი, ომარ თეთრაძე, გოჩა ჯამარაული, გია ნემსაძე.

მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მწვრთნელი იყო. უბრალოდ, უკვე ასაკში იყო და, რა თქმა უნდა, ძველი შემართება აღარ ჰქონდა და არც ახალი ტაქტიკური სქემების ძიება ახასიათებდა. თამაშობდა ძველ ყაიდაზე აწყობილ ფეხბურთს, უყვარდა შეტევა და შემტევ შემადგენლობასაც აყენებდა. თუმცა, გვახსოვს, როგორ ცუდად წავიდა – არზიანმა ბურთი ძლიერად დაარტყა, ზონინს ყურში მოხვდა და დაახლოებით 2 კვირა საავადმყოფოში იწვა.  მერე ყურის პრობლემები გაურთულდა, ასაკმაც თავისი გაიტანა და შემდეგ სხვა მწვრთნელი მოვიდა.

სხვათა შორის, „ვერდერთან“ უეფა-ს თამაშზე შეხვედრის შემდეგ ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, გუნდის გენერალურ დირექტორს, ვილი ლემკეს სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ დავუკავშირდი, რომ თბილისში დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო მატჩი გაგვემართა – სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩამოვიდნენ.

„დინამოს“ მწვრთნელებიდან ანდრო ჟორდანიას პერიოდი არ მახსოვს, რადგან ამ დროს ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ საუკეთესოები იყვნენ გავრილ კაჩალინი და ნოდარ ახალკაცი, რადგან ისტორიას მათი „დინამო“ დარჩა. მიხეილ იაკუშინი? კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ უკვე ასაკში იყო, დიღომში ერთოთახიანში კვირაობით იკეტებოდა და გადაბმულად სვამდა. ახალკაცსა და კაჩალინს ვერც შევადარებ.

ისე, საუკეთესო წლებშიც კი ანტიახალკაცისტური ჯგუფები იყვნენ, ვერის ბაღში, სხვაგანაც და სერიოზულად მოქმედებდნენ.  მახსოვს, რამდენიმეჯერ მისი ფიტულიც კი დაწვეს. სპორტის სამმართველოს უფროსი დავით პერტენავა იყო, რომელთანაც ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ის სულ ცდილობდა, ნოდარი მოეხსნათ.

„ვესტ ჰემს“ ლონდონში რომ მოვუგეთ, ჩამოვედით და პირდაპირ ედუარდ შევარდნაძესთან მიგვიყვანეს. მან პერტენავას მხარეს გაიხედა და რატომღაც რუსულად მიმართა, კიდევ კარგი ემოციებს არ ავყევით და ბატონი ნოდარ ახალკაცი არ მოვხსენით, ხედავთ, რამხელა წარმატება მოგვიტანაო. იმის თქმა მინდა, რომ ებრძოდნენ, რადგან ყოველთვის ძლიერს ებრძვიან“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.