საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „დინამომ“ რომ მოუგო, მაშინ „ნაპოლი“ საშუალო ევროპული დონის გუნდი იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „დინამომ“ რომ მოუგო, მაშინ „ნაპოლი“ საშუალო ევროპული დონის გუნდი იყო #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, რომელთანაც ევროთასებზე თბილისის „დინამოს“ დადებითი ბალანსი აქვს.

„პირველად „ნაპოლის“ 1978 წელს შევხვდით, მეორედ კი – 1982 წელს. მაშინ ეს არ იყო ისეთი დონის გუნდი, რომელიც ევროპაში რამეს წარმოადგენდა. 1983 წელს მიიყვანეს მარადონა და „ნაპოლის“ აღმასვლაც ამის შემდეგ დაიწყო, უეფა-ს თასი მოიგო და იტალიაში საუკეთესო გუნდი გახდა.

ნეაპოლელებს პირველად რომ ვეთამაშეთ, მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ვხდებოდით, თავდაჯერებულები ვიყავით და როდესაც წილისყრაზე „ნაპოლი“ შეგვხვდა, დიდი ყურადღება არც მიგვიქცევია. ეს არც „ლივერპული“ იყო და არც „რეალი“ – მაშინდელი „ნაპოლი“ საშუალო ევროპული დონის გუნდი გახლდათ და მათი შემადგენლობიდან იტალიის ნაკრებში მხოლოდ ერთი მოთამაშე ჰყავდათ.

იმ წლებში „ნაპოლის“ ფეხბურთელები მხოლოდ უხეშობით გამოირჩეოდნენ. ერთი გოლი დათო ყიფიანმა გაიტანა, ერთიც – რამაზ შენგელიამ. რამაზი იმ შეხვედრაში დაშავდა და სულაქველიძემ შეცვალა, რომელიც მაშინ ჩვენი გუნდის ახალწვეული იყო. საპასუხო შეხვედრაში თავი ვიტალი დარასელიამ გამოიჩინა, ის მატჩი 1:1 დასრულდა.

1982 წელს რომ ვეთამაშეთ, „დინამო“ უკვე განახლებული გუნდი იყო. შემადგენლობაში გამოჩდნენ ნუკრი კაკილაშვილი, გრიგოლ ცაავა, უმცროსი მიშა მესხი, დავით პაიკიძე, ამირან ანდღულაძე, გოჩა ჯოხაძე… თბილისში 2:1 მოვუგეთ. ნეაპოლში იტალიელები დაწინაურდნენ, მე-80 წუთზე ჩივაძემ ჯარიმიდან გაიტანა, მაგრამ გერმანელმა მსაჯმა გაურკვეველი მიზეზით გოლი არ ჩათვალა და, ფაქტობრივად, წაგვაგებინა.

საპასუხო შეხვედრა გამოვტოვე, რადგან მენისკის ოპერაცია გავიკეთე და რეაბილიტაცია ძალიან გამიგრძელდა. არ ვთამაშობდი, მაგრამ ახალკაცმა იტალიაში მაინც წამიყვანა“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.