საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ჩაწყობილი თამაშები ძალიან მასობრივი გახდა, მაგრამ გარიგებებში თბილისის „დინამო“ არ მონაწილეობდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ჩაწყობილი თამაშები ძალიან მასობრივი გახდა, მაგრამ გარიგებებში თბილისის „დინამო“ არ მონაწილეობდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა იმ საფუძვლებზე ისაუბრა, რომლის შედეგად თბილისის „დინამომ“ 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

„ჩემპიონობამდე „დინამო“ ჯერ ვიცე-ჩემპიონი გახდა, ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა, ორჯერ კი თასი მოიპოვა. სხვათა შორის, 1977 წელს, რომ არა „ზარიასთან“ სკანდალური თამაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონობას ერთი წლით ადრეც ვიზეიმებდით. ეს მატჩი იუშკამ ძალიან ცუდად იმსაჯა და პენალტი არ დაგვინიშნა. ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა, რომ თამაში არ მოგვეგო. არადა, გამარჯვებით  კიევის „დინამოს“ ქულებით გავუთანაბრდებოდით და უფრო მეტი საფუძველი გვექნებოდა, რომ პირველი ადგილისთვის გვებრძოლა.

1978 წელს კი პირველივე ტურში  კიევის „დინამოს“ (მოქმედ ჩემპიონს) მოვუგეთ. კიეველების მცველთან, ზუევთან ვმეგობრობდი და თამაშის ბოლოს მითხრა – არ მეგონა, ასე თუ დაგვჩაგრავდით, ყველაფერი გაქვთ, რომ ჩემპიონები გახდეთო. ასეც მოხდა, მეორე ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ დავამარცხეთ. ეს კარგი გუნდი იყო და ერთი წლის შემდეგ ჩემპიონი გახდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად მომზადებულები ვიყავით.

სხვათა შორის, იმ წელს უცნაური წესი დანერგეს – რვა ფრის შემდეგ მატჩს თუ ისევ ფრედ დაასრულებდი, ქულა აღარ გერიცხებოდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ  ჩაწყობილი თამაშები ძალიან მასობრივი გახდა. ეს 1974 წლიდან დაიწყო, როდესაც უმაღლეს ლიგაში „დნეპრი“ გადმოვიდა. ამ გუნდის მწვრთნელი იყო ემეცი, ხოლო გუნდის უფროსი – ჟიზდიკი.  უკრაინას უმაღლეს ლიგაში ბევრი გუნდი ჰყავდა და გარიგებები იყო.

ამ გარიგებებში ორი გუნდი არ მონაწილეობდა,  ერთ-ერთი კი თბილისის „დინამო“ გახლდათ. კარგად მახსოვს 1974 წლის ბოლო თამაში – ალმატის „კაირატი“ ვარდებოდა და ლიგაში დასარჩენად ჩვენთან ფრეც აწყობდათ. მოვიდნენ ფეხბურთელები, ფული გვაქვს ჩამოტანილიო, მაგრამ ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, სტადიონზე ხალხი რომ მოვიდოდა და წინასწარ განზრახვით წაგვეგო. 4:0 მოვიგეთ და „კაირატი“ გავარდა.

სადაც ვთამაშობდით, სტადიონი სულ ივსებოდა. გავანალიზე და თამამად ვიტყვი, რომ ყველა ქალაქში თავისი გუნდის შემდეგ თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობდნენ. ეს იყო „დინამოს“ ფენომენი – ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავდა, რომლებიც არტისტიზმით გამოირჩეოდნენ.  მაგალითად, ჩივაძის მსგავსი მცველი საბჭოთა კავშირს არ ჰყოლია“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.