საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებთან ჯგუფში მოხვედრა არ მინდოდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებთან ჯგუფში მოხვედრა არ მინდოდა #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რომლის გუნდიც ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჯგუფში ითამაშებს, პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ არ დამალა, რომ „ჯვაროსნებთან“ მოხვედრა არ სურდა.

„სიმართლე გითხრათ, მინდოდა, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენს ქვეჯგუფში არ ყოფილიყო. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და მომეცა იმის საშუალება, რომ მისი მწვრთნელი ვყოფილიყავი. მოწინააღმდეგე მხარეს კი არასოდეს ვყოფილვარ.

ახლა ეს მომიწევს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორი შეგრძნება მექნება თამაშის დღეს. მაგრამ ახლაც კი, ამაზე რომ ვფიქრობ, რთულია. კვიპროსი ჩემთვის უცხო ქვეყანა არაა, 32 წელია იქ ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე კვიპროსელია, ჩემი ბავშვი – ნახევრად კვიპროსელია. ასე რომ,  ეს ჩემთვის საკუთარი სამშობლოსავითაა. არ მინდოდა ერთ ქვეჯგუფში ვყოფილიყავით, მაგრამ ასე მოხდა და რას ვიზამთ.

ჯგუფში ესპანეთის გარდა, ნორვეგიაა ძლიერი გუნდი, მაგრამ შოტლანდიაც ძალიან ძლიერია, პრემიერლიგის 10-12 ფეხბურთელი ჰყავთ. უკრაინასთან ვნახე მათი თამაში, 3:0 რომ დაამარცხეს – ძლიერი გუნდია. ნორვეგია მარტო ჰალანდი არაა. მასთან კვიპროსსაც უჭირდა და საქართველოს ნაკრებსაც. მახსოვს, სამჯერ შევხდით და სამივეჯერ წავაგეთ.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, ესპანეთია. საქართველოს ნაკრებში კი კარგი გარემოა, გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. კვიპროსის ნაკრებს კი შეგვიძლია გავამწაროთ ის ნაკრები, ვინც არ დაგვაფასებს. ასე მოუვიდა საბერძნეთს, რომელსაც ეგონა, რომ 3 ქულას იოლად აიღებდა.

რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. 7 ქულა რომ დააგროვო, თამაშები უნდა მოიგო. არც ისე ადვილი მიზანია.

იბრძოლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლომდე? იმედი მაქვს, ისევე როგორც კვიპროსის ნაკრების შემთხვევაში.

საქართველოს ნაკრებს ეს უფრო შეუძლია. ეს ერთა ლიგაზე აჩვენა, სადაც არ იყვნენ ცუდი გუნდები, იგივე ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც ევრო 2020-ის პლეიოფის ფინალში თბილისში მოგვიგო. ტურნირი წაუგებლად ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ნაკრებია“, – ამბობს თემურ ქეცბაია.