საფეხბურთო ტაიმაუტი | „თელავის“ კაპიტანი - რაღაც უნდა შეიცვალოს, ჩვენს გუნდს დახმარება სჭირდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | „თელავის“ კაპიტანი - რაღაც უნდა შეიცვალოს, ჩვენს გუნდს დახმარება სჭირდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი ვლადიმერ გუცაევი თელავს ესტუმრა და რეგიონში ფეხბურთის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ „თელავში“ არსებულ ვითარებით, პრობლემებითა და მომავლით დაინტერესდა.

გოჩა როსტომაშვილი, კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი: 

„საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ 2015 წლიდან დაიწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდა. ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის რაიონის გუნდი და 300-400 ბავშვი მონაწილეობს ჩემპიონატებში“.

„თელავის“ კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ პრობლემები არ დამალა. მისი თქმით, ყველაზე სერიოზული პრობლემა საკუთარი ბაზის და სტადიონის არქონაა: 

„რომ ვთქვა, კარგად ვგრძნობ თავს-მეთქი, არასწორი იქნება. პრობლემები არის, ვვარჯიშობთ სარაგბო ბაზაზე და მოედანზე. უკვე დიდი დისკომფორტი ისაა, შენი ბაზა და სტადიონი რომ არ გაქვს. ჩვენთან შეხვედრის შემდეგ „დინამო თბილისი“ უკმაყოფილო იყო მოედნით, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვარ უკმაყოფილოები, ასეთ მოედანზე რომ გვიწევს თამაში, ძალიან რთულია ასეთ ბალახზე თამაში და არ გვინდა, მაგრამ სხვა პირობა არაა და ჩვენი რეალობა ეს არის. მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს და უკეთესი (სავარჯიშო პირობები) იყოს – „თელავს“ დახმარება სჭირდება. თუნდაც იმით, რომ კარგი მინდვრის საფარი გვქონდეს. მერე სხვა ფეხბურთს ვაჩვენებთ. შესაძლოა, შედეგები მოედნის ბრალიც იყო“.

გიორგი ჭელიძე, „თელავის“ მთავარი მწვრთნელი:

„მადლობა ამ ყურადღებისთვის, ჩემთვის სასიამოვნოა თქვენს გადაცემაში მონაწილეობა. ძალიან კარგი, პროფესიონალი ბიჭები გვყავს. ისინი ვარჯიშებზე, თამაშებზე მაქსიმუმს დებენ – შეკრული გუნდია და ბიჭები თავისი საქმით სიამოვნებას იღებენ. მეც მსიამოვნებს მათთან მუშაობა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ყველა თამაში კი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. ხალხისგანაც თანადგომას ვგრძნობთ – თელავში ფეხბურთი და ფეხბურთელები ძალიან უყვართ. ხელმძღვანელები კი ვითარებდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებენ“.

ვლადმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: 

„რაგბის რა მშვენიერი სტადიონი აქვს, მაგრამ გული დამწყდა, როდესაც დავინახე, რომ საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 8 ჰექტარზეა განთავსებული, ასეთ მდგომარეობაშია. ამის კეთილმოწყობას სასწაული თანხებიც არ უნდა“.

გიორგი ჭელიძე, „თელავის“ მთავარი მწვრთნელი: 

„რაგბის სტადიონი რომ არ იყოს, საშინაო თამაშებს თელავში ვერ ვითამაშებდით. ამიტომ მათი მადლობელი ვარ“.