საფეხბურთო ტაიმაუტი | ტარიელ ხეჩიკაშვილი – ჩემპიონატში პროგრესი არაა, გვჭირდება უკეთესი ორგანიზება, მენეჯმენტი, კომერციალიზაცია და საზოგადოების მხრიდან მეტი ინტერესი #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „იბერიისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტებმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და დავით კერესელიძემ ეროვნულ ლიგაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ნაბიჯ-ნაბიჯ კომერციალიზაციისკენ უნდა წავიდეთ. ჩემპიონატი უკეთესად უნდა შეიფუთოს, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია. ვცდილობთ, რომ ჩვენი პატარა საფეხბურთო „კუნძულები“ შევქმნათ, რომელიც საკლუბო ფეხბურთში ამინდს გამოასწორებს. იქნებ, შევძლოთ და მთლიანობაში ჩვენი ჩემპიონატი უფრო საინტერესო გავხადოთ.
კარგია, რომ „ტორპედომ“ ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი ჩამოიყვანა და ბიორნ იონსენი შეინარჩუნა. ეს ეროვნული ლიგისთვის მარკეტინგულად კარგია, ჩვენთვის კი დამატებითი მოტივაციაა, რომ ასეთ გუნდს კონკურენციას გავუწევთ. ეს წინაპირობა უნდა გახდეს, რომ ქართული გუნდები ევროთასებზე უფრო წარმატებულებად გამოვიდნენ.
სამწუხაროდ, ჩემპიონატში პროგრესი არაა. საჭიროა ეროვნული პირველობის უკეთ ორგანიზება, მენეჯმენტი, კომერციალიზაცია, საზოგადოების მხრიდან მეტი ინტერესი უნდა გაჩნდეს. ეს არ არის ფედერაციის ბრალი, მაგრამ როგორც ტურნირის ორგანიზატორის, მათი როლი უდიდესია და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ მოიხსნის.
კლუბებსაც არ გვაქვს ერთობა, თამაშის საერთო წესებზე უნდა შევთანხმდეთ. დიდი იმედი მაქვს, სპორტის ახალი მინისტრი და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი შეძლებენ შეთანხმებას და ფეხბურთის განვითარების პროგრამაში გამოვლენილ ნაკლოვანებებს აღმოფხვრიან“.
დავით კერესელიძე: „ის მუხტი, რაც შარშან საქართველოს ნაკრების წარმატებული თამაშის შედეგად ქვეყანაში გაჩნდა, ნათელს ხდის, რას ნიშნავს თითოეული ჩვენთაგანისთვის ფეხბურთი“.