საფეხბურთო ტაიმაუტი | საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - არ არის ადვილი ჯგუფი, რადგან ასეთ გუნდებთან უფრო გვიჭირდა, ვიდრე გრანდებთან #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - არ არის ადვილი ჯგუფი, რადგან ასეთ გუნდებთან უფრო გვიჭირდა, ვიდრე გრანდებთან #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებული თამაშების შესახებ თემურ ქეცბაიამ ისაუბრა. „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა გუნდის მზადებასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ ნაკრებს ბოლო თამაშებში კარგი შედეგი აქვს, არ წაუგია და გოლები არ გაუშვია. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ამხანაგური შეხვედრები იყო, მაგრამ ეს მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიფა-ს რეიტინგში ქულები გეწერება და მოგებით უფრო მაღლა ადიხარ.

– ნაკრების ბოლო მატჩებს ვუყურე და მართლა ძალიან საინტერესო თამაში აჩვენებს. ხუთი თამაში რომ არ წაუგია, ეს უკვე ოფიციალური მატჩების დაწყებამდე კარგი მაჩვენებელია. ძალიან კარგია, რომ ბევრი ფეხბურთელი კარგ გუნდებში არა მხოლოდ ირიცხება, სათამაშო პრაქტიკაც აქვთ და მწვრთნელისთვის მათთან მუშაობაც უფრო ადვილია. კარგია ისიც, რომ მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს. დღეს მწვრთნელი 30 ფეხბურთელის ირგვლივ ტრიალებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდანაც მიიწვიეს. ისინი კარგი მოთამაშეები არიან და შეუძლიათ, გუნდს დაეხმარონ.

– ნაკრებში სულ იყო პრობლემები, როდესაც რაღაც მომენტები დგებოდა, ფეხბურთელების ნაწილი გუნდის მხარეს უფრო იჭერდა, ვიდრე – ნაკრების. ეს სამწუხაროა. როდესაც ნაკრებში გიძახებენ, არ აქვს მნიშვნელობა, გუნდში რა მატჩი გაქვს ჩასატარებელი – უნდა ჩამოხვიდე და ითამაშო. ეს ისეთი რამაა, ომში რომ გამოგიძახონ და შენი ქვეყნის დასაცავად არ წახვიდე.

– მწვრთნელი რომ ხედავს, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კონკრეტულ მომენტში მზად არაა, ბუნებრივია, უარს იტყვის. მწვრთნელსაც ნაკრებში 10 თამაში აქვს – ამ მატჩებში უნდა გამოიჩინის თავი ფეხბურთელმა. კარგია, რომ სანიოლს ნაკრებში დისციპლინა აქვს და ყველა თავის საქმეს აკეთებს. მე ეს მიხარია.

– ახლა 10 დღეში 4 თამაში გვიწევს და სანიოლი ცდილობს, ყველა ადგილზე ორი ფეხბურთელი მოიყვანოს, რადგან ამდენ მატჩს ერთი შემადგენლობით ვერ ითამაშებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინც გუნდშია გამოძახებული, ნაკრების წარმატებაში და მიზნის მიღწევაში თავისი წილი შეიტანოს. ამიტომაც არიან შეკრებაზე ჩამოსულები.

– ფეხბურთელი ვიყავი, მწვრთნელი ვარ, ნაკრებში ვმუშაობდი და კარგად მესმის – ძალიან ძნელია ახლა თამაში, სეზონი დამთავრდა, ყველა ფიქრობს, როდის წავა და დაისვენებს. დამღლელი სეზონი იყო. აქ მხოლოდ ფეხბურთზე არაა ლაპარაკი – კორონავირუსი და ბევრი არეულობა იყო და გუნდებში ფეხბურთელებს კარგი მოსაზადებელი შეკრებებიც არ ჰქონდათ. ყველა ელოდება, როდის წავა და დაისვენებს. იმედია, ამაზეც მუშაობენ, რომ ბიჭები ამ თამაშებზე რამენაირად გადაერთონ.

– სამწუხარო ისაა, რომ გვქონდა შანსი, ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა და ვერ გამოვიყენეთ. იმედია, ჯგუფში ისეთივე შედეგს დავდებთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. შესაძლოა, ბევრს ჰგონია, იტალია და გერმანია რომ არაა, უფრო ადვილია თამაში, მაგრამ ასეთ გუნდებთან უფრო გვიჭირდა, ვიდრე დიდ ნაკრებებთან, რადგან მათთან ყველა უფრო ელოდება შედეგს. ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, იტალიას მოუგეს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, ძლიერ ლიგებში ბევრი მოთამაშე ჰყავთ. ციკლის ბოლოს, როდესაც იმედი გადაწურული გაქვს, შეიძლება თამამად ითამაშო, მაგრამ ციკლს დასაწყიში ყველა შედეგს ელის და ეს მატჩები გაცილებით უფრო რთული სათამაშოა“.