საფეხბურთო ტაიმაუტი | სანიოლთან მუშაობით არ იღლები, თანამედროვე მწვრთნელია - დვალმა ნაკრების ახალ სათამაშო სტილზე ისაუბრა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | სანიოლთან მუშაობით არ იღლები, თანამედროვე მწვრთნელია - დვალმა ნაკრების ახალ სათამაშო სტილზე ისაუბრა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ გამოსვლაზე და ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზებზე პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, სწორი გზით მივდივართ და ეს მწვრთნელის და ფედერაციის დამსახურებაა. ბოლო თამაშში 7 მოთამაშე შეცვალა. იმიტომ, რომ ასე მოკლე პერიოდში ამდენი თამაშის ჩატარება მოგვიხდა. ყველა მწვრთნელი ბედნიერია, როდესაც როტაციის საშუალება გააჩნია.

ნაკრებში მართლა ჯანსაღი და კარგი ვითარებაა და სწორი გზით მივდივართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ ისეთ ფეხბურთს აჩვენებს, როგორსაც უნდა თამაშობდეს.

რა მომწონს ამ ტაქტიკურ მონახაზში? თუნდაც შუა ბლოკში როგორც ვთამაშობთ, არც ძალიან დაცვაში არ ვართ და არც ზედმეტად წინ ვართ – ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს ეს ფეხბურთი ძალიან უხდება.

მთელი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ გოლი არ გავუშვათ. თუ დააკვირდებით, ნახევარმცველები და მცველები ჩვეულებრივი მცველებივით არიან. ეს თანამედროვე ფეხბურთია. ეს მარტო მცველების კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა. დეტალებში გვაქვს ნამუშევარი, ვინ სად და როდის უნდა ავიდეს.

 

 

ნაკრებში დიდი კონკურენციაა და სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან კარგია. ასეთი ვითარება საქართველოს ნაკრებს განვითარებაში მხოლოდ ეხმარება.

სქემების გარდა, სანიოლმა რა შეცვალა? არის ზოგიერთი მწვრთნელი, რომელსაც ბევრი თეორია უყვარს. ზოგჯერ ბევრი თეორიისგან ბოლოს თავი რომ გეღლება. სანიოლი თანამედროვე მწვრთნელია, მასთან მუშაობით ფსიქოლოგიურად არ იტვირთები.

არა მგონია, რამე ისეთი გაგვეკეთებინოს, რომ ეიფორიაში ჩავვარდეთ. იქამდე მოვედით, რომ წაუგებელი სერია დავიწყეთ, მაგრამ არ გვაქვს იმის მიზეზი, რომ თავში აგვივარდეს. ეიფორიაში ჩავარდები და ეგრევე სკამზე გადაინაცვლებ. კონკურენცია სწორედ ამაში გვეხმარება.

სწორ გზაზე ვართ და ასეც უნდა გაგრძელდეს. უფლებაც არ გვაქვს, რომ სხვა მიმართულებით გადავუხვიოთ. მთელი ძალებით და ენერგიით წინ უნდა წავიდეთ.

მოვხვდებით თუ არა ევროპის ჩემპიონატზე? სიმართლე გითხრათ, ფსიქოლოგიურადაც უკეთესია, რომ მხოლოდ შემდეგ თამაშზე იფიქრო და თავი იმით არ დაიღალო, ევროპაზე გავალთ თუ არა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს ძალიან სურს, რომ ევროპაზე გავიდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად თამაშის სტილზე და ხარისხზე უნდა ვიფიქროთ და შედეგიც თავისთავად მოვა.

შეგვიძლია თუ არა ძლიერ ნაკრებებს გავუმკლავდეთ? ჩემი აზრით, ისეთ გუნდად ვყალიბდებით, რომ ყველა ნაკრებისთვის რთულად სათამაშო და ორგანიზებული მეტოქე გავხდეთ – მიზანი სწორედ ძლიერ გუნდებთან გამარჯვებაა. ჩემი აზრით, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს“.

დატოვე კომენტარი