საფეხბურთო ტაიმაუტი | ოთარ კიტეიშვილი - მენტალური პრობლემები ტრავმის თანმდევია, მაგრამ ახლა არაფერი მაწუხებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ოთარ კიტეიშვილი - მენტალური პრობლემები ტრავმის თანმდევია, მაგრამ ახლა არაფერი მაწუხებს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თავის ჯანმრთელობასა და ხანგრძლივი ტრამვების შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„არაფერი მაწუხებს და ძალიან მიხარია, ნაკრებთან ერთად რომ ვიმყოფები, რადგან ფაქტობრივად, მთელი წელი გამიცდა და ბევრი შეკრება და თამაში გამოვტოვე. ტრავმის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები თანმდევია – ვერ თამაშობ, სტადიონზე მიდიხარ და ტრიბუნაზე ზიხარ, ჯოხებით დადიხარ და სიარულს ვერ ახერხებ. 2-3 თვეში ვარჯიში უნდა დამეწყო, მაგრამ ეს პერიოდი გაიწელა, შემდეგ ახალი ტრავმა დაემატა და რა თქმა უნდა, ამასთან გამკლავება რთული იყო. თუმცა ასეთ დროს არ ვფიქრობ კონკრეტულ დღეს როგორ შემიძლია მდგომარეობა გავიუმჯობესო – მაგალითად, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით. ამ ყოველდღიურ რუტინას მივყვებოდი და ასე მოვედი დღემდე.

– ნაკრების შეკრებამდე „შტურმში“ ორი მატჩი ვითამაშე. ბოლო შეხვედრა ძირითადში ვიყავი, მაგრამ 90 წუთი იქაც არ მითამაშია – ორივეში სულ 70 წუთი გამომივიდა. 10 დღეში ნაკრებს 4 ასეთი მატჩი რომ აქვს, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ფიზიკურ კონდიციების მხრივ რისკები არსებობს, რომ სხვა ტრავმას მივიღებ. თუმცა ამის შესახებ ნაკრების მწვრთნელი ინფორმირებულია და იცის, ამ თამაშებში როგორ გამომიყენოს.

– ყველა მეტოქესთან მოსაგებლად უნდა ვითამაშოთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა სახლში გიბრალტართან კარგად დავიწყოთ. ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფში მთავარი კონკურენტები და ჩვენთან ერთად ფავორიტები იქნებიან. მაკედონიას უფრო გამოვარჩევდი, თან წაგებული ფინალის შემდეგ პირადი დაპირისპირება გვაქვს. ვნახოთ, ჯამში ივნისის 4 შეხვედრაში რამდენ ქულას მოვაგროვებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ გვრჩება მხოლოდ 2 მატჩი და ქულათა კარგი მარაგის დაგროვება აუცილებელია. 4 მატჩში 10 დღეში, რა თქმა უნდა, რთული ჩასატარებელია. ფეხბურთელებს სეზონში ბევრი თამაშის ჩატარება მოუხდათ, ამას ათდღიანი სანაკრებო მატჩები დაემატება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გვაქვს რესურსი – შეკრებაზე 29 ფეხბურთელია და მწვრთნელი მათ გამოყენებას შეეცდება.

– ახალი ფორმები? ძალიან სასიამოვნოა – სიახლეა, სიმბოლიკაც ლამაზია და იმედია, ეს იქნება ახალი ეტაპის და თუ ახალი წარმატების დასაწყისი.

„შტურმს“ საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა. იყო ჩავარდნებიც, რადგან ევროპალიგაზე დიდხანს ვითამაშეთ და გუნდს ორ ტურნირზე თამაშის რესურსი არ ჰქონდა. თუმცა დიდი გამოცდილებაც მივიღეთ და ახალ ევროსეზონს უფრო მზადყოფნაში შევხდებით. ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ეტაპიდან ჩავერთვებით და ევროპალიგის ჯგუფში თამაში გარანტირებული გვაქვს. პირადად მე საკმაოდ კარგ სეზონს ველოდები. იმედია, რომ ჯანმრთელად ვიქნები და მაქსიმალურად მეტ შეხვედრას ვითამაშებ“.