საფეხბურთო ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - „საბურთალოს“ მოთამაშეების პროფესიონალიზმით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - „საბურთალოს“ მოთამაშეების პროფესიონალიზმით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი #1TVSPORT

„საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე იყო პირველი სტუმარი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“, რომელიც საახალწლო შესვენების შემდეგ, 2023 წელს ეთერში პირველად გავიდა.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო „საბურთალოში“ ჩემს დანიშვნაზე საუბარი. ვუყურებდი გუნდის თამაშს. მეუბნებოდნენ გოჩოლეიშვილსა და გულიაშვილზე და მათ თვალყურს ვადევნებდი. მაგრამ არა უბრალოდ მუშაობა, არამედ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა მინდოდა.

ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, სულ თბილისში ვარ და „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი სერიოზულად დამელაპარაკა. ძალიან საინტერესო პროექტია, რუსთავში მეორე გუნდის შექმნა სურს, სადაც ახალგაზრდები არ დაიკარგებიან და განვითარდებიან. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდიდან მახსოვს, რუსთავში ხალხი დადიოდა და სტადიონი ივსებოდა. მოკლედ, დავინტერესდი, მომეწონა პროექტი და გადაწყვეტილება მივიღე.

ქართულ ფეხბურთში წინსვლა არის, ერთი საფეხურით წინ წავედით, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რომ დიდ გუნდებს შევეჯიბროთ. ჯერ თვალში მომხვდა ინფრასტრუქტურა. ახლა მარტყოფში სარაგბო ბაზაზე ვვარჯიშობთ, რაც პირველი შეკრებისთვის მშვენიერი ადგილია. ასეთი ბაზა, თბილისისა და ბათუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და „ლოკომოტივის“ გარდა, არავის აქვს. პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ.

ძირითადად, ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები გვყავს. მათ ხელი ინფრასქტრუქტურითაც უნდა შევუწყოთ. ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელი სახლში რომ წავა, როგორ იკვებება და ემზადება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის გაკონტროლება მხოლოდ საკუთარ ბაზაზე მოხერხდება და გუნდიც და თითოეული ფეხბურთელიც ასე განვითარდება. კვარაცხელია მინდვრიდან არ გამოდის, რადგან სულ ბაზაზეა.

„საბურთალოში“ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ბიჭები მართლა პროფესიონალები არიან. 2007 და 2010 წლებში გუნდებში ქართველები რომ მყავდა, მათგან ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და დედამიწა. ამ ბიჭებს განვითარება და ხელის შეწყობა უნდათ. მიმაჩნია, რომ ახლანდელი შემადგენლობით „საბურთალოს“ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლია“, – განაცხადა ომარ თეთრაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“.