საფეხბურთო ტაიმაუტი | ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები - მამარდაშვილის პროგრესი გამორჩეულია - კვარაცხელიას ყველაზე მაღალ ქულას დავუწერ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები - მამარდაშვილის პროგრესი გამორჩეულია - კვარაცხელიას ყველაზე მაღალ ქულას დავუწერ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველებმა, გოგა გახოკიძემ და გოჩა ჯამარაულმა კომენტარი ქართველი ფეხბურთელების პერსპექტივაზე გააკეთეს.

„რაც უფრო კარგად ითამაშებს ჩვენი ნაკრები და იგებს, დაინტერესებაც უფრო გაიზრდება. ჩვენ ისეთი პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ კარგ გუნდებში გადავიდნენ. ნაკრებში მათ ასეთ თამაშს რომ ნახავენ, ნიდერლანდების, ბელგიის გუნდები დაინტერესდებიან. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ქვეყნის გუნდებში ბევრი მოხვდეს. ასეთ თამაშებს სკაუტების სულ ესწრებიან და სამიდან სამი თამაში რომ მოვიგეთ, თანაც გასვლაზე ასეთ ძლიერ მეტოქეებთან, ინტერესი გაიზრდება. ბულგარეთთან 5 გოლი გაიტანო, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიასთან – 3, თანაც გასვლაზე, იოლი ნამდვილად არ არის. ბევრ კარგი მოთამაშე მახსოვს, მაგრამ მამარდაშვილის პროგრესი მაინც გამორჩეულია. ჩავიდა, როგორც მეორე გუნდის მეკარე და უცებ ასეთი პროგრესი აჩვენა. კონკურენტებმა ტრავმები კი მიიღეს, მაგრამ ამ შანსით ისარგებლა. მე ქართველ მოთამაშეში მსგავსი პროგრესი არ მახსენდება“.

გოჩა ჯამარაული: „სანაკრებო თამაშებიდან ყურადღებას თუ მიიპყრობ, ერთი წელი გაკვირდებიან, შემდეგ მწვრთნელს შენს ხასიათს ეკითხებიან. თუ დიდ ფულზეა საუბარი, ტყუილად არავინ წაგიყვანს, უყურებენ, რამდენად სტაბილური ხარ, როგორი ხასიათი გაქვს. კვარაცხელიაზეც მინდა ვთქვა – უნიჭიერესი ბიჭია. ჩემმა მეუღლემაც შეატყო, რომ ძალიან მაგარია. მთავარი ისაა, საკუთარი მონაცემებიდან გამომდინარე, როგორც იბრძვის. ეტყობა, რომ პროფესიონალია. ახლა ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს, სადაც არფერს აპატიებენ, მაგრამ ახლა კვარაცხელიაც გამოცდილია და იმედი მაქვს, ისე ითამაშებს, როგორც ეკადრება. ახლა ის ნაკრებში ლიდერია. არავის არაფერს ვუკარგავ, მაგრამ კვარაცხელიას 10-ბალიან სისტემაში 11 ქულას დავუწერ“.