საფეხბურთო ტაიმაუტი | მურთაზ ხურცილავა - ინსტიტუტში დეკანი მეუბნებოდა, შენ ფეხბურთს მიხედე, მე სწავლას მივხედავო, ყველა გზა ხსნილი იყო #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, მურთაზ ხურცილავამ გუნდისადმი გულშემატკივრების დამოკიდებულება და ლეგენდარული ფეხბურთელები გაიხსენა.
„მიშა მესხი იყო ზარმაცი? ეს იყო გულშემატკივრების აზრი, თორემ როგორ შეიძლება ფეხბურთელი მოედანზე გავიდეს და არაფერი აკეთოს? თამაშის დროს პაუზები მართლა ჰქონდა, მაგრამ რასაც გააკეთებდა, იმის დავიწყება შეუძლებელი იყო.
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელები – ყველა თაობაში 11 მოთამაშიდან 7-8 ვარსკვლავი იყო.
თამაშის დღეს პრობლემა სტადიონზე შესასვლელი ბილეთების ყიდვა იყო. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. თამაშის მეორე დღეს ინსტიტუტში რომ მივდიოდი, დეკანი მეუბნებოდა, შენ ფეხბურთს მიხედე, მე სწავლას მივხედავო. სადაც მივდიოდით, ყველგან ჩვენი გულშემატკივარი გვხვდებოდა.
უჭირდა თუ არა მესხს ვინმეს წინააღმდეგ თამაში? ჯანმრთელ მიშას ვინ გააჩერებდა. 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს, მწვრთნელებმა ასე ჩათვალეს საჭიროდ. ტურნირის მსვლელობისას ფეხბურთელები საუბრობდნენ, მიშას რომ ეთამაშა, შესაძლოა, სულ სხვა შედეგები ყოფილიყოო.
მერე მსოფლიო ნაკრებშიც არ ათამაშეს და გაზეთებში და ტელევიზიებში ცდილობდნენ ისეთი სურათი შეექმნათ, თითქოს მიშა თავად არ წავიდა მსოფლიო ნაკრებში სათამაშოდ, მაგრამ რატომ არ წავიდოდა?
სლავას უპირატესობა ის იყო, რომ თავდასხმის ორივე ფლანგზე და ცენტრშიც ერთნაირად შეეძლო თამაში, ეს მისი დიდი პლუსი იყო. როცა „დინამოში“ გადმოვიდა, იმ პერიოდში ზაურ კალოევმა ფეხბურთს თავი დაანება და თავიდან სლავა ცენტრფორვარდად თამაშობდა“, – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.