საფეხბურთო ტაიმაუტი | მიხეილ ყაველაშვილი - დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი იტალიას არ ჰყავს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | მიხეილ ყაველაშვილი - დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი იტალიას არ ჰყავს #1TVSPORT

„საქართველოში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, მაგრამ, შესაძლოა, მათი ფასი არც ვიცოდეთ“, – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

მიმდინარე ევრო2020-ზე საუბრისას საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა ბელგიის ნაკრებთან რუსეთის სუსტი თამაშით გაოცება ვერ დამალა.

„რუსეთის ნაკრების ასეთი დაბალი დონე გონებაში არ ჯდება. აბსოლუტურად მორღვეული იყო და ევრო2020-ზე ყველაზე სუსტ გუნდად გამოჩნდა, რომელსაც სახე არ ჰქონდა, ბელგია კი აღმავლობის გზაზეა. მთავარია, ამ გუნდის წარმატება რას ეფუძნება. იქ თავის წარსულს კი არ ჩააციკლდნენ, ბევრი რამ თავიდან გაიზრეს, ამაში პირველი გერმანია იყო და ეს ჩვენც უნდა გავითავისოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტშიყაველაშვილმა.

მან ქართული ფეხბურთის პრობლემებიც ახსენა.

„რაც უნდა გასაოცარი იყოს, ფეხბურთში ჩვენ პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ფასი არ ვიცით და თუ შვეიცარია პოტენციალს იყენებს, ჩვენ შესაძლებლობევის მაქსიმუმ 30 პროცენტს ვავლენთ. სხვათაშორის, დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი იტალიას არ ჰყავს. ერთი ინსინიე არის, მაგრამ …. მე მონაცემებზე ვლაპარაკობ და არა სხვა რამეზე. იტალიელი თუ შვეიცარიელი საკუთარ ქვეყანაში თავის მაქსიმუმს იღებს, ჩვენი სრულყოფილად ნიჭის გამოვლენაში ვერ ვეხმარებით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი – ამას უნდა ემსახურებოდეს გულშემატკივარი, ფედერაცია, მწვრთნელები, რომ ჩვენთან დაბადებული ნიჭიერი ბავშვი სრულყოფილად გაიზარდოს, მინიმუმ 20-წლამდე მაინც – ეს შედეგს მოგვცემს, თორემ, ბოლოში ჩრდილოეთ მაკედონიასთან რომ წააგებ, მერე საქმეს ვეღარ უშველი“.