საფეხბურთო ტაიმაუტი | მამუკა მაჭავარიანი - ქართულ გუნდებს ევროპიდან ვეტერანი ლეგიონერების დაბრუნებაც გააძლიერებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | მამუკა მაჭავარიანი - ქართულ გუნდებს ევროპიდან ვეტერანი ლეგიონერების დაბრუნებაც გააძლიერებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის დონე, ბოლო ტურში ლიდერების დაპირისპირება და საქართველოს ნაკრების პერსპექტივა – იყო ის თემები, რომელზეც პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მცველმა, მამუკა მაჭავარიანმა ისაუბრა.

„თბილისში „დინამოს“ სტადიონზე იმდენი ხალხი მართლაც დიდი ხანია არ ყოფილა, რამდენიც ბათუმის „დინამოსთან“ მოვიდა – ეს და თვალსაც უხარია და გულსაც. თამაშმაც გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ უგოლოდ დასრულდა. ამდენი ხალხის მისვლა კვარაცხელიას თამაშმაც განაპირობა.

ასეთი მატჩები წაადგება ჩვენს ფეხბურთს. რაც უფრო მეტი ლეგიონერი შეუერთდება ქართულ გუნდებს, თუნდაც ასაკოვანი, ვინც ევროპაში თამაშს ამთავრებს, მით უფრო კარგი იქნება. წელს დაძაბული ჩემპიონატია და არც ერთ გუნდს არავისთან გარანტირებული სამი ქულა არ აქვს. სხვათა შორის, ვაკვირდები და რაიონებში გულშემატკივრების რიცხვმა მოიმატა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩემპიონატის ბოლომდე ასეთი დაძაბულობა იქნება. კარგია, პირველობისთვის ბრძოლა ასეთი ვითარებაში რომ მიმდინარეობს.

ნაკრების შედეგები ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ჩემი გადასახედიდან, საქართველოს ეროვნულ გუნდს ამის ძალა შესწევს, მით უფრო, ერთა ლიგიდან, ეს ბარიერი რომ გადალახოს და რომელიმე დიდ ტურნირზე მოხვდეს“.