საფეხბურთო ტაიმაუტი | ლუკა ლოჩოშვილი - ამით არ დავკმაყოფილდები, მინდა, სხვა ეტაპზე გადავიდე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლუკა ლოჩოშვილი - ამით არ დავკმაყოფილდები, მინდა, სხვა ეტაპზე გადავიდე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების მცველი იტალიიდან ჩაერთო.  ლუკა ლოჩოშვილმა ტოპ-ლიგაში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა:

„იტალიის სერია „ა“ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში შედის და ძალიან მაღალი დონეზეა – ყველა საკითხში, საორგანიზაციო საქმეში, სტადიონებით, მოთამაშეებით. ყველა გუნდში ვარსკვლავები თამაშობენ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ დონეზე გადასვლა მომიხდა. ადაპტაცია კარგად მიდის, გუნდში ყევლა კარგად დამხვდა და ამან დიდი გავლენა იქონია, იტალიაც ძალიან მომწონს, მათი მენტალიტეტი და ცხოვრების წესი. კონკურენციაც დიდია. ჩემს პოზიციაზე მექსიკელი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნული ნაკრების წვერია, ეს გუნდი კი მუნდიალზე ითამაშებს. ერთი შეცდომის და მოდუნების უფლება არ გაქვს, რადგან შენს უკან ყოველთვის არის ფეხბურთელი, რომელიც მზადაა ითამაშოს.

სოციალურ ქსელებში არ შევდივარ და არ ვკითხულობ, რას წერენ, მაგრამ კლუბშიც და ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ხალხისგან მესიჯებს ვიღებ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ტელევიზიაში მიმიწვიეს და მითხრეს, რომ ჩემზე გულშემატკივარს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, თურმე მათ ძალიან ვუყვარვარ, უკვე ზედმეტსახელებს მარქმევენ. ეს ძალიან სასიხარულოა, ასე მოკლე პერიოდში გულშემატკივრებს თავს რომ აყვარებ. იმედია, ასეც გაგრძელდება და ჩემი თამაშით და საქციელებით მათ სიყვარულს კიდევ დავიმსახურებ.

ჩემი ტრანსფერი გუგა კაჭახიძის, მალხაზ მუსერიძის და გიორგი ფოფხაძის დამსახურებაა. უპირველესად მეგობრობა გვაკავშირებს და დისტანცია არ გვაქვს, როგორც აგენტს და ფეხბურთელს. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს კარიერაში. მთავარი ისაა, რომ ალალი ხალხია. საფეხბურთო სამყაროში არის ხალხი, ვისაც სარგებლის ნახვა უნდა ფეხბურთელებსგან და მათთვის მხოლოდ ფინანსური საკითხებია მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ხალხი ტრანსფერებს, ფეხბურთელებსა და სხვა საკითხებს ძალიან პროფესიონალურად ეკიდება. მათ საჯაროდ მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ეს გზა ერთად გავიარეთ და იტალიამდე მოვედით, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდები. კიდევ მინდა, რომ განვვითარდთ, მეც და ისინიც სხვა ეტაპზე გადავიდეთ.

სერია „ა“-ში გადასვლის შემდეგ ნაკრებში თამაშის ამბიცია თუ გამეზარდა?  რა თქმა უნდა. ზოგადად, ფეხბურთელს ამბიცია თუ არ გაგაჩნია, უკვე ძალიან ცუდია – მით უფრო, როდესაც საქმე შენს ქვეყანას და ეროვნულ ნაკრებში თამაშს ეხება. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, ქვეყანას გამოადგეს და ასახელოს. რაც თამაში დავიწყე, ამ ამბიციით ვთამაშობ. როდესაც ფეხბურთელს ნაკრებში გიწვევენ, არ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობ – ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ  გუნდს მაქსიმალურად დაეხმარო და მაქსიმალური შედეგს მიაღწიო. თუ საშუალება მომეცემა, არაფერს დავიშურებ. დანარჩენი მწვრთნელების გადასაწყვეტია. უპირველესად, იმას აღვნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პროგრესი აქვს – ეს ძალიან სასიხარულოა. იმედია, ასეც გავაგრძელებთ და ამ ერთა ლიგას წარმატებით დავასრულებთ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ლუკა ლოჩოშვილმა.