საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან კორღალიძე - იმედი მაქვს, „იბერია“ ასეთივე შემართებით ითამაშებს და ისევ ჩემპიონები გავხდებით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან კორღალიძე - იმედი მაქვს, „იბერია“ ასეთივე შემართებით ითამაშებს და ისევ ჩემპიონები გავხდებით #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალ სეზონს დანაკლისით შევხვდით – გუნდიდან ხუთი წამყვანი მოთამაშე წავიდა – „იბერია“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და იბრძვის.

შევეცადეთ, გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოგვეწვია, ვინც წასულ მოთმაშეებს სრულფასოვნად შეცვლიდნენ და თუ შედეგებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს შევძელით.

გულახდილად გეტყვით, არ ველოდი, რომ შვიდი ტურის შემდეგ ლიდერები ვიქნებოდით და მხოლოდ 2 ბურთი გვექნებოდა გაშვებული. ფეხბურთელებს სულ ვეუბნები, რომ მუდამ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და კარგია, რომ ეს გამოგვდის. წინ ხანგრძლივი სეზონია, დიდი იმედი მაქვს, ასეთივე შემართებით ვითამაშებთ და ისევ ჩვენ გავხდებით ჩემპიონები.

არ მიყვარს მოლოდინების შექმნა, რადგან მერე იმედგაცრუება უფრო დიდია. სეზონის დაწყებამდე ვუთხარი კლუბის პრეზიდენტს, რომ ხუთეულისთვის ვიბრძოლებდით. ვფიქრობ, მიზნისკენ სვლა ხმაურიანი განცხადებების გარეშე ჯობია.

სხვათა შორის, 2024 წლის 18 სექტემბრის შემდეგ 19 ოფიციალური თამაში არ წაგვიგია. მსგავს სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ როგორც ვიცი, ასეთი შედეგი ეროვნულ ლიგაში  არავის ჰქონია, მიახლოებული მხოლოდ ქუთაისის „ტორპედომ“ და გორის „დილამ“ აჩვენეს. იმედია, წარმატებულ სერიას გავაგრძელებთ და ევროტურნირებამდე დაუმარცხებლად მივალთ“.