საფეხბურთო ტაიმაუტი | ლადო ბურდული - ბიზნესსექტორი ახლა უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს და ქართული ფეხბურთის გასაძლიერებლად მეტი თანხა დააბანდოს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლადო ბურდული - ბიზნესსექტორი ახლა უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს და ქართული ფეხბურთის გასაძლიერებლად მეტი თანხა დააბანდოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლადო ბურდულმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებმა შეძლო იმ წარმატების მიღწევა, რაზეც მთელი ქვეყანა ოცნებობდა, განსაკუთრებით კი, საფეხბურთო სამყარო. 43 წელი გავიდა 13 მაისის იმ დიდი სიხარულიდან, რაც თბილისის „დანამომ“ გვაჩუქა, ეს ბიჭები კი, რომლებმაც ეს სიხარული მოგვიტანეს, არა მხოლოდ ისტორიაში შევიდნენ, არამედ მათ ერი და ბერი ფეხბურთისკენ მოტრიალეს.

ყველამ დაინახა, რომ ყველაზე დიდ ემოციას მაინც ფეხბურთი იწვევს. ნუ მიწყენენ სხვა სპორტის წარმომადგენლები, ყველას დიდი პატივს ვცემ, მაგრამ რაც ფეხბურთს შეუძლია, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ქალაქის ქუჩებში ნანახმა ზეიმმაც კარგად აჩვენა.

მატჩამდე ის ძველი დრო გამახსენდა, როდესაც ყველა ქომაგის საფიქრალი თამაშზე დასასწრები ბილეთის შოვნა იყო. დღესაც მთელი საქართველო კითხულობს, გერმანიაში თამაშის ბილეთები როგორ იყიდოს. ესეც მაგალითია ბიზნესსექტორისთვის – ახლა უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და უფრო მეტი თანხები ჩაიდოს, რათა ქართული ფეხბურთი გაძლიერდეს და განვითარდეს.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ სწორი პრიორიტეტები დაისახა და ეს შედეგი მათი კარგი მუშაობის ნაყოფია. მათი მისამართით ბევრი კრიტიკაც ისმოდა, მაგრამ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს სწორი მიმართულება მისცეს. დღეს ამ მუშაობის შედეგს ვიმკით“, – განაცხადა ლადო ბურდულმა.