საფეხბურთო ტაიმაუტი | კვარაცხელიას წასვლა უნდა და კარგ კლუბში ვიხილავთ  - დავითაშვილმა აღიარა, რომ სეზონით უკმაყოფილო საკუთარ თავზე მუშაობდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კვარაცხელიას წასვლა უნდა და კარგ კლუბში ვიხილავთ - დავითაშვილმა აღიარა, რომ სეზონით უკმაყოფილო საკუთარ თავზე მუშაობდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრების და „ტულას“ არსენალის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი იყო.

„ჩემი აზრით, ზურიკო დავითაშვილი ყოველ წელს უმატებს. შარშან თუ ისეთი არ იყო, როგორც ველოდებოდით, წელს სულ სხვაგავრად ათამაშდა და სულ სხვა პიროვნება ვნახეთ, გოლებსაც იტანდა, საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა და საერთოდ, ძალიან საინტერესოდ თამაშობს. ზურიკო დავითაშვილი ახლა რუსეთში, ტულას „არსენალში“ თამაშობს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ამ გუნდიდან წავა და ისეთ ევროპულ კლუბში ვიხილავთ, ჩვენ და უპირველესად, თავად რომ გაუხარდება. იმედია, ახალ წელს კიდევ უფრო მოუმატებს“, – ასე დაახასიათა გადაცემის თანაწამყვანმა, ვლადიმირ გუცაევმა ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრების განვლილი წელი შეაფასა და მის პერსპექტივაზეც ილაპარაკა:

„წელი კარგად დავიწყეთ, ყველას იმედი ჰქონდა, მაგრამ, ფეხბურთია და ჩავარდნები ხდება. ყველას გვინდა სტაბილურად მოგება, მაგრამ ყოველთვის ისე არაა, როგორც გვინდა, მაგრამ წელი ისე დავასრულეთ, რომ ყველას იმედი გაგვიჩნდა“.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკრებში და კლუბში გამოსვლით უფრო კმაყოფილია:

„ნაკრებში უკეთესი სეზონი მქონდა, სადებიუტო გოლიც გავიტანე და ვფიქრობ, რომ ნორმალური თამაშებიც ჩავატარე. იმედია, მომავალ წელს ეროვნული გუნდისთვის გაცილებით მეტს გავაკეთებ. შარშანდელი სეზონი არც კლუბში მქონია. გატანაც დავიწყე და უკეთ ვთამაშობ, მაგრამ უფრო უნდა მოვუმატო“.

20 წლის ფეხბურთელმა საკუთარი პროგრესის წინაპირობაზე ისაუბრა:

„ეს საკუთარ თავთან მუშაობამ განაპირობა. რომ ხედავ, რაღაც არაა კარგად, საკუთარ თავს უფრო მეტს სთხოვ – პროფესიონალიზმის, ვარჯიშის და ყველა კუთხით. როდესაც საქმისთვის თავს გადადებ, ყოველთვის გიფასდება“.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და მწვრთნელთან მისი ურთიერთობაც ახსენა, მაგრამ ბოლომდე „კარტები“ არ გახსნა:

„თამაშამდეც და თამაშის შემდეგაც კომუნიკაცია გვაქვს – როგორც ძმები ისე ვართ. რაც შეეხება მის ფორმას, ბოლოს ყველამ მოუმატა. ჩავარდნა გუნდებსაც ახასიათებს და ფეხბურთელებსაც, ასეთები ხდება და არც ხვიჩა იყო გამონაკლისი, მაგრამ მერე ფორმაში შევიდა და შვედეთთან ვნახეთ, როგორც ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. მერე ფეხი აწუხებდა, თანაც, მწვრთნელთან ურთიერთობებიც . . .“.

დავითაშვილის თქმით, ორივეს კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს:

„ჩვენ, ორივეს კარიერის გაგრძელება ევროპაში, მაღალი დონის კლუბში გვსურს, მაგრამ ხალხმა ჯერ უნდა იცოდეს, წინა სეზონში რა გააკეთე. ჩემზე და ჯუღელზე იწერებოდა, „არსენალში“ როგორ  წაიყვანაო, მაგრამ წინა სეზონი ისე არ მითამაშია, რომ ნორმალური კლუბის ინტერესში ვყოფილიყავი – ამიტომ „არსენალი“ ჩემთვის კარგია და ტრამპლინად გამოიყენებ. კვარაცხელიას განსხვავებული ვითარება აქვს, უნდა წავიდეს და ღმერთის წყალობით, კარგ კლუბში ვიხილავთ“.