საფეხბურთო ტაიმაუტი | კობა ჟორჟიკაშვილი - ნაკრების ჩავარდნა მხოლოდ ვილი სანიოლის ბრალი არ არის #1TVSPORT
კობა ჟორჟიკაშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდში პრობლემები მხოლოდ მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა არ არის.
„შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ყოველთვის არის მოლოდინები, გეგმებს ვსახავთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევამდე ერთ-ერთი მიზანი მეორე ადგილის დაკავება იყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე თავიდანვე ნაკლებად მჯეროდა. საბოლოოდ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, ამიტომ უფრო სწორია, ნაკლები დაპირებები გაიცეს.
რა გახდა წარუმატებლობის მიზეზი? სანიოლმა შედეგი 5-მცველიანი სქემით მოიტანა, რადგან დაინახა, რომ 4 მცველით სათანადო რესურსი არ გვქონდა. ახლა კი სქემა შეცვალა და კვლავ 4 მცველზე გადავიდა. დაცვაში ბოლო მატჩებში ისეთი შემადგენლობა იდგა, რომელსაც ერთად პირველად მოუწია თამაში. მამუჩაშვილი საერთოდ ნახევარმცველია და ფლანგის მცველისთვის აუცილებელი სისწრაფე არ აქვს.
რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძის არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისი იყო. მის გარეშე შემადგენლობაში არ გვყავს მოთამაშე, რომელიც გიორგის მსგავსად მოძებნის მწვავე გაგრძელებებს, აფასებს სიტუაციას და შეუძლია კონტრშეტევებზე სწორი, ზუსტი გადაცემის შესრულება. მისი შეცვლა რთულია.
სანიოლს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ მის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა. დღევანდელი დღისთვის კი ანალიტიკური, ჯანმრთელი კრიტიკა მართებულია. მას ჰქონდა გარკვეული უთანხმოება ლაშა დვალთან – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მცველთან. მწვრთნელმა ასეთ დროს პირადი საკითხები გვერდზე უნდა გადადოს, რადგან დვალის არყოფნა ყველას დაგვაკლდა და მისი ჩანაცვლება მარტივი არ არის.
მარცხენა ფლანგზეც წიტაიშვილი და აზაროვი უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე გოჩოლეიშვილი. აზაროვის ასე გვერდზე გაწევა, ჩემი აზრით, არასწორი იყო. ლომინაძესაც არ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ისევე როგორც ნარიმანიძეს. მახსენდება, როცა წინა ციკლი ჩავარდა, ტოპმიოლერმა 17 წლის ყენია, მჭედლიძე და მაკარიძე ათამაშა და 2:0 მოვიგეთ.
ზოგადად, მწვერვალზე ასვლა უფრო ადვილია, ვიდრე იქ დარჩენა. სანიოლი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ყველაფერი მომავალ წელს გამოჩნდება – ამბობს, რომ გაზაფხულზე გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდება და შემოდგომისთვის უკვე ჩამოყალიბებული ნაკრები გვეყოლება.
ფეხბურთელების პასუხისმგებლობაზეც უნდა ვთქვათ, ბევრს მიაღწიეს და, შესაძლოა, შემდეგ მოტივაცია დაუვარდათ. ჩავარდნა მხოლოდ სანიოლის ბრალი არ არის – მაღალი კლასის ბევრი მოთამაშე არ გვყავს. პოზიციებიც არ არის კარგად დაბალანსებული, რომ დიდ შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა კობა ჟორჟიკაშვილმა.