საფეხბურთო ტაიმაუტი | კახი გოგიჩაიშვილი - გასაოცარია, რატომ არ ვუტევდით მეორე ტაიმში ნორვეგიას, სანიოლთან ბევრი კითხვებია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, კახი გოგიჩაიშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
„ცოტა გასაოცარია, რატომ არ ვუტევდით მეორე ტაიმში ნორვეგიას. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებზეც შეიძლება შეტევა ააგო, მაგრამ ნორვეგიასთან 0:2-ს რომ ვაგებდით, შეტევის მცდელობაც არ იყო. ამაზე სანიოლმა უნდა ისაუბროს. ფაქტია, რომ გუნდი არ უტევდა ან ვერ უტევდა – ორივე ცუდია.
გუნდმა შეტევა ვერ დაალაგა, არ იცოდნენ, ეს მიზანმიმართულად როგორ გაეკეთებინათ, კონტრშეტევების ეპიზოდური მცდელობები იყო. ბოლოს გავიტანეთ და მერე კვარაცხელიასაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ მანამდე ტაიმმა ისე ჩაიარა, კარში არ დაგვირტყამს.
ბევრი კითხვა დაგროვდა სანიოლთან. ვერ მოვისმინეთ, რატომ ვერ ვუტევდით, რატომ ვერ გამოვიყენეთ კვარაცხელია. ხომ შეიძლებოდა, ადრე შესულიყვნენ მოედანზე ზივზივაძე და ჩაკვეტაძე და შეტევა გაძლიერებილიყო? იმიტომ ხომ არ ვთამაშობდით, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ არ წაგვეგო?
ჩვენ გვყავს შემტევი ფეხბურთელები, მაგრამ მთელი გუნდი დაცვაში იდგა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სანიოლის მხრიდან თამაშის სქემაშიც ბევრი რამ აირია. გუნდისთვის სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩემი აზრით, თამაშის გაუარესება მწვრთნელის ფაქტორით, ფეხბურთელების დეფიციტითა და მათი ფიზიკური მდგომარეობით არის განპირობებული, ბევრი ოპტიმალურ ფორმაში არაა. ერთ-ერთ მიზეზად მწვრთნელის მიერ შემადგენლობის ხშირი ცვლაც მიმაჩნია“, – ამბობს კახა გოგიჩაიშვილი.