საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

„ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სანიოლი მეოთხე თამაშს ატარებდა და ძალიან კარგია, რომ მოვიგეთ. მითუმეტეს, რომ რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და მდიდარი ტრადიციები აქვს. თანაც, აქამდე მათ 7-ჯერ შევხვდით და მოგება არ გვქონდა. პოზიტივს ვხედავ იმაშიც, რომ ამ მოგებულ მატჩში მან ის მინუსები დაინახა, რის დანახვაც სურდა და ამაზეც იმუშავებს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კახა ცხადაძემ.

მან ფეხბურთელებზეც ილაპარაკა:

„ასეთი თამაშები მწვრთნელს იმიტომ სჭირდება, რომ ოფიციალურ მატჩებამდე მოთამშეებზე სრული წარმოდგენა შეიქმნას და ოფიციალურ თამაშებს დალაგებული შეხვდეს – შემადგენლობით და ტაქტიკური სქემით. მე დანარჩენს არ შევეხები, რადგან პოზიტივი დავინახე“.

ცხადაძემ კომენტარი გიორგი მიქაუტაძის თამაშზეც გააკეთა:

„სხვათა შორის, მას ერთადერთი მომენტი ჰქონდა და ეს შანსი გამოიყენა. ცივსისხლიანი ფორვარდის შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთხელ დავინახეთ იგივე კიტეიშვილი, რომელიც თამაშში კარგად შემოვიდა“.

გამოცდილმა მწვრთნელმა ნიდერლანდებთან 6 ივნისს დაგეგმილ მატჩზე ილაპარაკა:

„მგონია, რომ ახლა ის მოთამაშეებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ძირითადში თამაშობენ და ხარისხით უფრო სხვაგვარი თამაში იქნება. მიმაჩნია, რომ სანიოლი საკონტროლო თამაშს აბსოლუტურად სწორად მიუდგა და ისე ჩანს, რომ საქმე სწორად მიჰყავს. მას მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც წარმატების 5 პროცენტია და თამაშებს სწორედ ეს იგებს. თანაც სანიოლი ქედმაღალი არაა, უბრალო ადამიანია. მწვრთნელი ვარ და ვიცი, ეს ფაქტორი რა როლს თამაშობს გუნდში“.

დატოვე კომენტარი