საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ჩხეტიანი - სანიოლი ჩამოსვლის შემდეგ სულ ძიებაშია, ფეხბურთელებმა განწყობა დაიბრუნეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ჩხეტიანი - სანიოლი ჩამოსვლის შემდეგ სულ ძიებაშია, ფეხბურთელებმა განწყობა დაიბრუნეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშები შეაფასა.

„სექტემბრის თამაშების შემდეგ გუნდში განწყობა შეიცვალა. ამიტომ შედეგის მხრივაც კარგი იყო ეს თამაშები და მწვრთნელებმაც სტრატეგია ადვილად განახორციელეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სათამაშო სქემაში დიდი ცვლილება მოხდა.

სანიოლი ჩამოსვლის შემდეგ სულ ძიებაშია, ახლა კი ეროვნულმა ნაკრებმა განწყობა დაიბრუნა. მომდევნო თამაშისთვის, რომელსაც ნოემბერში ჩავატარებთ, მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში თამაშობდნენ და მზადყოფნაში იყვნენ.

ხომ არ ჩამოვრჩებით ევროპულ ნაკრებებს ტექნიკაში, ბურთის ფლობასა და თამაშის ორგანიზაციაში? რა თქმა უნდა, ჩამოვრჩებით, რადგან მაგალითად, ესპანეთის ნაკრების წევრები ასეთი დონის თამაშებს ხშირად ატარებენ, ტაქტიკურადაც ძლიერები არიან და მენტალურადაც.

როდესაც ფეხბურთელმა იცის, როგორ უნდა იმოქმედოს, მისთვის თამაში ძალიან მარტივია. საფეხბურთო ინტელექტი კი სწრაფ გადაწყვეტილებაზეა დამყარებული და ეს ფეხბურთში მთავარია. ისინი უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, შეუძლიათ, ერთი პასით პარტნიორი მეკარესთან პირისპირ დატოვონ. ჩვენ კი მეტ დროს ვანდომებთ შეტევის დაწყებას და მეტოქე ასწრებს საკუთრ კართან ზონების გადაკეტვას“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.