საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - ვაჟა აზარაშვილმა ნამდვილი სახალხო ჰიმნი შექმნა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - ვაჟა აზარაშვილმა ნამდვილი სახალხო ჰიმნი შექმნა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ჰიტად ქცეული სიმღერის, „„დინამო“, დინამო““-ს ავტორი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გაიხსენა, რომელიც 7 თებერვალს გარდაიცვალა.

„ვუსამძიმრებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას. ისეთი პიროვნება გარდაიცვალა, რომელმაც ნამდვილი სახალხო ჰიმნი შექმნა. როდესაც „დინამოს“ იხსენებენ, პირველ რიგში, რაც თავში აზრად მოსდით, მისი ცნობილი სიმღერაა.

რამდენჯერაც მე და ჩემი მეგობრები რესტორანში შევდივართ, ახსენდებათ ჩვენი დიდი გამარჯვება. როდესაც 13 მაისისკენ მიმავალ გზას ვიხსენებთ, მივხვდებით, რომ „დინამო“ ევროპულ გრანდებს ებრძოდა.

ამ წარმატებასთან იყო გაიგივებული ეს სიმღერა და არავის დაავიწყდება.  მისი დაწერიდან 50 წელია გასული და დღესაც ჰიტია, არამხოლოდ სპორტული. მას ყველა დიდი სიამოვნებით უსმენს.

რაც შეეხება გადაცემის თემას, მე ვთვლი, რომ თასების თასის ნახევარფინალში, „ფეიენოორდთან“ ორივე მატჩში მსაჯობა ისეთი იყო, ფინალში როტერდამელები უნდა გასულიყვნენ.

თბილისში 3:0 კი მოვიგეთ, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ უხეშობაზე პენალტი იყო დასანიშნი. 4:0-ის შემდეგ კი მათ მეორე მატჩში შანსი არ ექნებოდათ. ფაქტობრივად, ორ შეხვედრაში სამი პენალტი არ დაგვინიშნეს და ოთხი გოლი არ ჩაგვითვალეს. როტერდამშიც 0:2 კი არ უნდა წაგვეგო, 5:2 უნდა მოგვეგო“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.