საფეხბურთო ტაიმაუტი I თამაზ ჩიხლაძე - კარგი თაობა წამოვიდა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I თამაზ ჩიხლაძე - კარგი თაობა წამოვიდა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, თბილისის „დინამოს“ საკალათბურთო გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, თამაზ ჩიხლაძემ თავისი თაობის ფეხბურთელებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფეხბურთო ნაკრები უახლოეს პერიოდში წარმატებას მიაღწევს.

„ფეხბურთელებთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. გულშემატკივრები საკალათბურთო და საფეხბურთო „დინამოს“ თამაშებზე დადიოდნენ. კალათბურთელებს შორის ფეხბურთს ყველაზე კარგად ლევან ჩხიკვაძე თამაშობდა, მეც კარგად გამომდიოდა. სხვათა შორის, ვოვა (ვლადიმერ გუცაევი) კალათბურთის მოედანზე ხშირად გვეთამაშებოდა.

კარიერა ჭადრაკით დავიწყე, მერე იყო ტანვარჯიში, ბოლოს ფეხბურთზე მიმიყვანეს, მაგრამ მუხლი მისივდებოდა და ამის გამო კალათბურთზე შევედი. საერთოდ, სპორტსმენებს მოვუწოდებ, თავიდან ტანვარჯიშზე იარონ, რადგან შემდეგ ნებისმიერ სახეობაში ტექნიკურ ილეთებს თავისუფლად აითვისებენ.

საკალათბურთო გუნდი ყოველთვის ფეხბურთელებს გულშემატკივრობდა და ასე ვარ ახლაც, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშისთვის 4-5 დღე ვემზადები. ბედნიერებაა ასეთი მოთამაშის ყოლა. შეძლებს თუ არა უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას? აუცილებლად შეძლებს. იმდენად საინტერესო ნაკრები ყალიბდება, მე კი არა, მთელი ერი ბედნიერია.

ხომ ვხედავთ, რა თაობა მოდის, მსიამოვნებს მათი ყურება. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება. ამიტომ ჩვენი ნაკრების დიდი იმედი მაქვს“, – ამბობს თამაზ ჩიხლაძე.