საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე ევრო 2023-ს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენად თვლის - მგონია, რომ კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი კლუბის ზეწოლა იყო #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლა და ტურნირის ორგანიზება დადებითად შეაფასა.
„საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდა.
მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი, არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.
ჩვენი ნაკრები „სიკვდილის“ ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.
არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა, გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ მაღალ დონეზე ითამაშეს. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.
კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს“, – ამბობს კახა ცხადაძე.