საფეხბურთო ტაიმაუტი I დავით სხირტლაძე - გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთელების განვითარებაზე ბევრს ფიქრობს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I დავით სხირტლაძე - გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთელების განვითარებაზე ბევრს ფიქრობს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, „დინამო თბილისის“ კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. თბილისელები ეროვნულ ლიგაში ამჟამად მესამე ადგილზე არიან, ბოლო შეხვედრები კი დედაქალაქურმა გუნდმა არადამაჯერებლად ჩაატარა.

„როდესაც არის მოთხოვნა, გაიმარჯვო და მოედანზე ყოველთვის სამი ქულისთვის გადიხარ, ოთხქულიანი ჩამორჩენაც ჩავარდნად ითვლება. აქედან გამომდინარე, მოსამატებელი გვაქვს და ეს კარგად გვესმის. ახლა შევდივართ იმ ფაზაში, როდესაც გუნდი ევროთასებზე სათამაშოდ უნდა ჩამოყალიბდეს. ამიტომ ჩავარდნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ბოლო თამაში „თელავთან“ 6:1 მოვიგეთ და ეს წნეხიც დავძლიეთ. ვიმედოვნებთ, შემდეგ მატჩებში „დინამო“ საკუთარ სიმაღლეზე დადგება.

საქართველოს ჩემპიონატის დონესა და მაყურებლის დასწრებას რაც შეეხება, ხალხს სამართლიანი მოთხოვნა აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ჯერ დონემ უნდა აიწიოს და შემდეგ სტადიონებზეც ივლიან. გასულ სეზონთან შედარებით კონკურენცია გაიზარდა, უფრო დაძაბული თამაშებია და ჩემპიონობისთვის მხოლოდ ორი გუნდი არ ვიბრძვით. რეალურად, ახლა ხუთი-ექვსი საინტერესო გუნდია. ეს ჩემპიონატს სანახაობრივს ხდის და მაყურებლები თუ თბილისშიც მოვლენ სტადიონზე, უკმაყოფილოები არ დარჩებიან.

გია ჭიაბრიშვილი ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორ განვვითარდეთ და ევროპაში წარმატებით როგორ ვითამაშოთ. ცოტა ხნის წინ მან „მანჩესტერ სიტიზე“ დოკუმენტური ფილმი გვაჩვენა. პრობლემა თითოეულმა ფეხბურთელმაც უნდა გამოასწოროს და გუნდმაც. „დინამო თბილისს“ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ აქვს, თუმცა გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება“, – ამბობს დავით სხირტლაძე.