საფეხბურთო ტაიმაუტი | გურამ კაშია - „ლოკომოტივი“ დავტოვე და საზღვარგარეთ ვითამაშებ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გურამ კაშია - „ლოკომოტივი“ დავტოვე და საზღვარგარეთ ვითამაშებ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ დღეს უეფა-ში გამართულ ევროთასების წილისწყრის შედეგებზე ილაპარაკა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. კაშიამ ასევე „ლოკომოტივიდან“ წასვლა დაადასტურა, მაგრამ ახალი კლუბის დასახელებას მოერიდა.

ევროთასების წილისყრა

წილისყრით უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ, რადგან ისეთი გუნდები შეგვხვდა, რომლებსაც უნდა მოვუგოთ. „დინამო თბილისს“ ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ გუნდებს, მათ ეს წარმატება სჭირდებათ. იმედია, უფრო შორს წავლენ, ჯგუფში მოხვედრა კი დიდი წარმატება იქნება.

როგორ მოვახერხე ფორმის შენარჩუნება საქართველოს ჩემპიონატში

პროფესიონალი თუ ხარ, ამას ყველგან მოახერხებ. „ლოკომოტივში“ კარგი პირობები შემიქმნეს და წამოსვლისას გულიც დამწყდა, რომ ვტოვებდი. მაგრამ ისეთი გუნდების ინტერესია, ბედნიერი ვარ, რომ მიწვევენ და მის სახელს მალე შეიტყობთ. იმედია, „ლოკომოტივს“ არ დავაკლდები, რადგან ძალიან კარგი გუნდია და კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდში დიდი სიამოვნება მივიღე.

მომავალი კლუბის შესახებ

ახლოს ვარ, რომ ახალ კლუბში გადავიდე. დეტალებია შესათანხმებელი და ახალ კლუბს ამის შემდეგ დავასახელებ. თუმცა, ამ ერთის გარდა, კიდევ ორი კლუბი მიწვევს. ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიმიღია და გუნდს ამიტომ ვერ დავასახელებ. რასაც ამბობენ, ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ჯერ თქმა სწორი არ იქნება. მაგრამ „ლოკომოტივი“ დავტოვე და საზღვარგარეთ ვითამაშებ.

გასახდელში საუბრები

გასახდელში ლაპარაკი მიყვარს და „ლოკომოტივში“ ბევრს ვეჩიჩინებოდი. მეც ახალაგაზრდებისა და მწვრთნელებისგან ბევრი ვისწავლე. სწავლა და განვითარება ყველგან შეიძლება. ამ ხალხის დამსახურებაა, კარგ გუნდში რომ გადავდივარ. სულ მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ბევრი ივარჯიშონ, რადგან ოცნებები ხდება.

კარიერის შემდეგ მწვრთნელობაზე

დიახ, კარიერის შემდეგ აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები. ჩემს პირველ ნაბიჯებს აქ მოვსინჯავ. მაგრამ ჯერ არ ვიცი რა როლში – ყველაფერი მინდა. მწვრთნელობისთვის ლიცენზიაა საჭირო.

ჩემპიონატის დონე

შეიძლება განვითარება, მაგრამ საჭიროა უკეთესი ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო მოედნები. ორჯერ თოვლი მოვიდა და ეროვნულ ლიგაში თითქმის ყველა გუნდს ვარჯიშის პრობლემები შეექმნა, რადგან მოედნები არ იყო. სავარჯიშო დარბაზები არაა, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

სანიოლი და სანაკრებო გარემო

სანიოლის მოსვლას დადებითად შევაფასებდი. გუნდში კარგი გარემოა შემქნილი. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებმაც აჩვენეს, რომ ნაკრებში მიწვევას იმსახურებენ.