საფეხბურთო ტაიმაუტი | გუცაევს ჩაკვეტაძის იმედი აქვს - ახალკაცი მეც მიკრძალავდა მოტყუებას, მაგრამ ზოგჯერ ჩარჩოებიდან უნდა გამოხვიდე #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნულ ნაკრებში ბოლო წლებში დაწინაურებული ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელებზე ისაუბრა. „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელისა და გადაცემის თანაწამყვანის აზრით, ამ თაობას ბევრის მიღწევა შეუძლია.
„დღეს მთავარი თემაა ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გამოდის ზურიკო დავითაშვილიც. რუსეთიდან დაბრუნების და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ძალიან გაზრდილია.
წავიკითხე იტალიურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც სპეციალისტები კვარაცხელიას და ინსინიეს ადარებდნენ და ყველა აღნიშნავდა, რომ ხვიჩა უფრო საინტერესო მოთამაშეა – ტექნიკურად, არასტანდარტული აზროვნებით და წინ დააყენეს.
ლაპარაკია იმაზე, ზედმეტად ინდივიდუალისტი ხომ არაა კვარაცხელია, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი დაღუპულა, როდესაც მწვრთნელს ზედმეტად დაუჯერა. გასაგებია, რომ მწვრთნელი რაღაც ჩარჩოებში გსვამს, მაგრამ რაც ამ ჩარჩოების გარეთ კარგია, აუცილებლად უნდა გააკეთო. ხვიჩა ამას აკეთებს და ეს ამართლებს. თითქოს, ფიქრობ, რომ კაცის მოტყუებაზე არ უნდა წავიდეს, მაგრამ მიდის, მომენტს ქმნის და გოლს იტანს. ეს არის მთავარი.
მე ვუჯერებდი თუ არა ბოლომდე ახალკაცს? ბევრ რამეს არ ვუჯერებდი. ჯერ ერთი იმას, რომ ბევრ ფინტს ნუ აკეთებო. ზუსტად იგივე იყო, რაც ხვიჩას შემთხვევაში, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ჩემი თამაში ეს იყო. თუ ეს არ გავაკეთე და თამაში არ გავამწვავე, მაშინ თავდამსხმელის როლი რა არის? რაც კარგად ვიცოდი, იმას ვაკეთებდი და უფრო მეტს ვიღებდი ჩემს თავზე, ვიდრე ახალკაცი მეუბნებოდა, მაგრამ თავადაც იცოდა, რომ ვერ აუკრძალავდა ფეხბურთელებს იმას, რის გარეშეც გუნდის თამაში გაღარიბდებოდა.
ახლა ნიჭიერი ბავშვები წამოვიდნენ – ხვიჩა, ზურიკო, საკუთარ თავზე სერიოზულად უნდა იმუშაონ და ღმერთმა უნდა უშველოს, რომ ტრავმები არ მიიღონ და ნელ-ნელა განვითარდნენ. ახლა 21 წლის არიან, ფეხბურთელი კი 27 წლამდე იზრდება. ანუ ეს დრო აქვთ. მთავარია, საკუთარ თავზე იმუშაონ.
ამათ გარდა გიორგი მამარდაშვილი გვყავს. ბიჭი „ვალენსიაში“ ჩავიდა, მაშინვე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და დღემდე შეუცვლელია. ასეა ლოჩოშვილიც – „შესაძლოა, „კრემონეზე“ დიდი გუნდი არაა, მაგრამ სერია ა-ში უფრო გამოცდილი გახდება. არიან კიდევ სხვები, ჩაკვეტაძეც უმატებს. ბოლო თამაშში „ბაზელთან“ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ნელ-ნელა ფორმაში შედის.
გიორგიზე ცალკე მინდა ვთქვა. არ არსებობს, რომ ნიჭიერი იყო და ყველაფერი დაკარგო. შესაძლოა, ტრავმის შემდეგ გჭირდება ძალიან ბევრი შრომა, ფორმაში რომ შეხვიდე, კონდიციები რომ აღიდგინო. ჩავარდნა მეც მქონდა და ყველას ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ფორმას მაინც აღიდგენ. მგონია, რომ გიორგის შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.