საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - მიქაუტაძე ძალიან სწრაფია და ეს უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - მიქაუტაძე ძალიან სწრაფია და ეს უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გოჩა ჯამარაულმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგიასთან (1:1) საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველი ტაიმი გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო, მეორე ტაიმში კი თამაში გამოსწორდა. მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მიქაუტაძის გოლმა გააბათილა. მან ისეთი გოლი  გაიტანა, რომელიც ჩემს გემოვნებაშია. ყველაფერი ისეთ სიჩქარეებზე გააკეთა, რომ გული გამიხარა.

სუბიექტურები ვართ და გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ძლიერი მეტოქეები გვყავს, ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრა ძალიან რთულია.

პირველ ტაიმში დაცვასა და ნახევარდაცვაში ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ ბურთს რომ ვერ ვიჭერთ, ამაში შუა ხაზი შეიძლება დაადანაშაულო. ამის გამო მეორე ტაიმის ასე შემოტრიალებას არ ველოდი. ჩემი აზრით, უფრო უნდა შეგევტია და კვარაცხელიამდეც ბურთი უფრო უნდა მიეტანათ. ხვიჩას 3-4 კაცი ეთამაშებოდა და ეს ძალიან რთულია. საერთოდ, ევროპაზე გასვლა თუ გვინდა, მაგრად უნდა შევუტიოთ. სხვანაირად არაფერი გამოვა. მე ნამდვილად არ ვიცოდი, მიქაუტაძეს ასეთი სისწრაფე თუ ჰქონდა. ძალიან კარგი ბიჭია და უნდა გამოვიყენოთ. უმაღლესი დონის გოლი გაიტანა.

საერთოდ, რაც უნდა ნიჭიერი თაობა იყოს, თუ შედეგი არ იქნება, ისტორიაში ვერ ჩაეწერება. ახლა ნიჭიერი ბიჭები გვყავს – მამარდაშვილი მაგარი მეკარეა, კვარაცხელიაზე აღარაფერს ვიტყვი, არიან სხვა საინტერესო მოთამაშეები, მაგრამ 100 კი არა, 200 პროცენტი უნდა გაიღონ, რომ შედეგს მიაღწიონ“, – ამბობს გოჩა ჯამარაული.