საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგიმ ხასიათი უნდა გამოავლინოს - ნაკრების ვეტერანებმა ჩაკვეტაძეზე ილაპარაკეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგიმ ხასიათი უნდა გამოავლინოს - ნაკრების ვეტერანებმა ჩაკვეტაძეზე ილაპარაკეს #1TVSPORT

რა ჭირს გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ვერა და ვერ შევიდა ფორმაში – ამის თაობაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მოთამაშეებმა, გოჩა ჯამარაულმა და გოგა გახოკიძემ (რომელიც მოთამაშის მენეჯერია) ისაუბრეს.

„ყველამ იცის, რამდენი ტრავმა გადაიტანა და რამდენი გამოტოვა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულობა დაუბრუნდეს. „ჰამბურგშიც“ ვერ აეწყო. დასანანია, რომ ასეთი ტალანტი ფორმაში არ არის. მისთვის მნიშვნელოვანია ისეთ გუნდში წავიდეს, სადაც ითამაშებს. დიდიც არაა, 22 წლისაა, მაგრამ უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე იმუშაოს ბევრი და არც ერთი მწვრთნელი და გუნდი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება. მას იმხელა რესურსი აქვს, რომ დიდი დონეზე ითამაშებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკრებს გამოადგება.

– თავისუფალი აგენტი არაა, „გენტთან“ კონტრაქტი კიდევ სამი წელი დარჩა. უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, რომ ითამაშოს. „ჰამბურგის“ შემდეგ თვითდაჯერება თუ არ მოუვიდა, გაუძნელდება. ქეცბაიასაც სურდა, რომ წაეყვანა, მაგრამ „ანორთოსისიდან“ თავად წამოვიდა. ახლა კონკრეტული არაფერია. გიორგის „გენტში“ დარჩენა არ უნდა, რადგან პრობლემები აქვს მწვრთნელთან, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა“, – ამბობს გახოკიძე.

გოჩა ჯამარაული: „გიბრალტართან სანიოლმა დააყენა. ცუდად არ უთამაშია. შემდეგ 18 კაცში რომ არ მოხვდა, მაინტერესებს, რა მოხდა. მგონია, რომ ამ დროს ჩაკვეტაძემ ხასიათი უნდა გამოავლინოს. ევროპაში ხელს არავინ ჩაგკიდებს და არავინ გეტყვის, მოდი შენ აქ უნდა ითამაშოო. იქ მგელი თუ არ ხარ… საქართველოს ჩემპიონატში კი არა, სადაც ხარ, თუ ბოლომდე თუ არ დაიხარჯები, არსად არ გათამაშებ, არც საქართველოში და არც ევროპაში. ქართველებისთვის ჩაკვეტაძე დასაკარგი არ არის და გული გვწყდება“.