საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ნემსაძე - ძალიან ბევრი მოედანი კეთდება, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, რაც მთავარია, მასობრიობა გაიზარდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ნემსაძე - ძალიან ბევრი მოედანი კეთდება, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, რაც მთავარია, მასობრიობა გაიზარდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ნემსაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები სტაბილურობას მოკლებულია და ამისთვის დროა საჭირო. პოტენციალი კი ნამდვილად აქვს, რადგან ამისთვის ბევრი კეთდება და ამას დეტალურად მინდა შევეხო. ბევრი მოედანი აშენდა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და რაც მთავარია, მასობრიობა გაიზარდა.

მასობრიობის გაზრდას კი მოჰყვება მოთამაშეთა გამოჩენა, რომლებიც შეიძლება მერე დაიხვეწონ, დაოსტატდნენ და მაღალი კლასის მოთამაშეები გახდნენ. „დინამო თბილისის“ აკადემია ასაკობრივ ნაკრებებში ყველაზე მეტი მოთამაშითაა წარმოდგენილი.

მიმაჩნია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ბაზებისა და საფეხბურთო აკადემიების მშენებლობა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. საფუძველი უნდა ჩაყრილიყო, რომელიც კლუბებს შევსებას მისცემდა. ეს არ იყო გაკეთებული, მაგრამ არც ახლაა გვიან და, შესაძლოა, მომავალში გაკეთდეს. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ინფრაქტრუქტურის კუთხით ბევრს აკეთებს, არაერთი სტადიონი და მოედანი აშენდა და მასობრიობა გაიზარდა.

როდესაც ეს პროექტები განხორციელდება, თაობები წამოვა, ფეხბურთელები გაიზარდებიან და აღარ იქნება ის არასტაბილურობა, რაც საქართველოს ნაკრებმა სექტემბერ-ოქტომბერში აჩვენა – ჯერ სარეკორდო სხვაობით წააგო ესპანეთთან 1:7 და მერე ტაილანდთან სარეკორდო სხვაობით 8:0 მოიგო.

„დინამო თბილისის“ აკადემიის მსგავსი ბევრი რომ ავაშენოთ და კვალიფიციური მწვრთნელები ვამუშაოთ, კონკურენცია გაიზრდება, ეს კი საერთო დონეს საგრძნობლად გაზრდის. ამით კლუბებიც კარგ შევსებას მიიღებენ და ნელ-ნელა ლეგიონერებს კონკურენციას გაუწევენ“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.