საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - ჩემპიონატი ვერ პროგრესირებს და ამის ბრალია, გამორჩეული მოთამაშეები უცხოეთში რომ მიდიან #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - ჩემპიონატი ვერ პროგრესირებს და ამის ბრალია, გამორჩეული მოთამაშეები უცხოეთში რომ მიდიან #1TVSPORT

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თავის ყოფილ და ამჟამინდელ კლუბებზე, ასევე ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა.

„როდესაც „თელავში“ დავინიშნე, გუნდი, ფაქტობრივად, ფსკერზე იყო. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ და ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ამპარტავნებით არ ვამბობ – ამაში ჩემი წვლილი საკმაოდ დიდია.

„საბურთალო“ რთულ სიტუაციაში იყო, ოთხი ტური გოლი არ ჰქონდა გატანილი. დანიშვნიდან მეორე დღეს ბათუმის „დინამოს“ სტუმრად ვეთამაშეთ და ქულა ავიღეთ. ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, რადგან ბევრ მათგანს ვიცნობდი. ჩემი სამწვრთნელო კარიერა „საბურთალოს“ აკადემიაში დავიწყე, ჩემთვის ეს კლუბი, ფაქტობრივად, მშობლიური იყო, თავი უცხოდ არ მიგრძვნია.

სერიოზული მიზნები გვაქვს. მინდა, ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. სერიოზული მიზნები გვაქვს და იმედია, სწრაფად მოვაგვარებთ პრობლემებს.

დღეს საწვრთნელ პროცესი, თბილისის „დინამოს“ გარდა, თითქმის ყველა გუნდის პრობლემაა. კარგი სავარჯიშო მოედანი არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი მალე მოგვარდება. თამაშისთვის მოსამზადებლად ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება გუნდის მიზნებს, თამაშიდან თამაშამდე ვემზადებით.

რა გზით ვაპირებთ განვითარებას? ძირითად გუნდში აკადემიიდან რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ბიჭი ვარჯიშობს, მათი რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება, ეს სწორი სტრატეგიაა. კლუბის პრეზიდენტთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან მომავალზე რომ ვისაუბრეთ, ერთ-ერთ პრიორიტეტად სტაბილურობა დავისახეთ, აუცილებელია, ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებოდნენ.

ვაპირებთ თუ არა ფეხბურთელების შენარჩუნებას? ტრანსფერებში არც სიჩქარე ვარგა და არც დაგვიანება. ფეხბურთელები სწორ დროს და სწორ მომენტში უნდა წავიდნენ გუნდიდან. ჩემი აზრით, მათ გარკვეული პერიოდი საქართველოს ჩემპიონატში უნდა ითამაშონ და გამოცდილება მიიღონ.

ევროთასებზე გასვლის შემთხვევაში ვაპირებთ თუ არა გაძლიერებას? ეს არაა მხოლოდ „საბურთალოს“ პრობლემა. მთავარი ფინანსური საკითხია, საკმარისად მდიდრები არ ვართ, რომ სატრანსფერო თანხებზე უარი ვთქვათ. როდესაც მოთამაშის შენარჩუნებას ცდილობ, მას შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა, გუნდში ძალით ვერავის გავაჩერებთ. უმჯობესია, ფეხბურთელმაც სარგებელი ნახოს და კლუბმაც, ვიდრე დარჩეს და კარიერაში პრობლემები შეექმნას.

მეორე საკითხია, რომ ჩემპიონატი ვერ პროგრესირებს და უპირველესად ამის ბრალია, რომ ყველა გამორჩეული მოთამაშე უცხოურ კლუბში მიდის“, – ამბობს გიორგი მიქაძე.